არჩევნები 2015
წინასაარჩევნო დაძაბულობა ეთნიკურ აზერბაიჯანელებზეც აისახება
ლანა გულოშვილი
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში) მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ `ქართული ოცნების~ აქტივისტი მამედოვ ჯამალედინი პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს.
საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება და წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვან ფაზაში შედის. ბოლო დროს გამოიკვეთა დარღვევისა თუ ზეწოლის არაერთი ფაქტი, რასაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მხრიდან გარკვეული რეაგირება მოჰყვა. ამ მხრივ საინტერესოა, რა მდგომარეობაა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში. `სპექტრი~ წინასაარჩევნო ვითარების გაცნობის მიზნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფლებს ესტუმრა. მოსახლეობის უმრავლესობამ ჟურნალისტებთან არჩევნების თემაზე საუბარისგან და მით უფრო, ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. აქვე შეგახსენებთ, რომ უკვე ერთი წელია `სპექტრი~ ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის სპეცჩანართს ამზადებს და მსგავსი შემთხვევები თითქმის არ ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ წინასაარჩევნო დაძაბულობა ამ სეგმენტზეც მნიშვნელოვნად აისახება. "სოფელში არც ერთი პარტიიდან არ მოსულან. ჩვენი დარდი არავის აქვს. არც ზეწოლა ყოფილა. მე ვისაც მინდა იმას შემოვხაზავ, არავინ არაფერს გვაძალებს. ფაქტი მაინც ერთია, ვინც არ უნდა მოვიდეს, ჩვენი საშველი არ არის,"_ ამბობს დუზაგრამის მკვიდრი.
იგივეს იმეორებენ მეზობელ სოფელ ლამბალოში. "ჩვენ ხალხზე არავინ ფიქრობს. მიწები არ გვაქვს, ერთი ძროხა მაინც რომ შევინახოთ. ვინც არ უნდა მოვიდეს, ალბათ, ჩვენი პრობლემები არ მოგვარდება," _ ამბობს ისმაილ ისმაილოვი.
ზეწოლების შესახებ არ საუბრობდნენ არც სოფელ მუღანლოს `ბირჟაზე.~ თუმცა, სოფელში ძირითადად მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერი იციან. ყველგან _ ელექტროგადამცემ ბოძებზე, ღობეებზე, მაღაზიის ფასადებზე, მოსაცდელებსა თუ თავშეყრის სხვა ადგილებში, ხუთიანი აწერია. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები ოფიციალურ კომენტარში დარღვევებზე არაფერს ამბობდნენ, პირად საუბრებში მმართველი პარტიის მხრიდან პირდაპირი თუ არაპირდაპი ზეწოლის ფაქტებზე მაინც გვიყვებოდნენ. სოფელ მუღანლოს ერთ-ერთმა მკვიდრმა, კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ფოტოების გადაღებაზეც უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ეშინია არ დაიჭირონ. "არ მინდა, გაზეთში ჩემი გვარი და სახელი გამოაქვეყნოთ და სურათი დაბეჭდოთ. ცოტა ხნის წინ ჩვენი უბნელი კაცი დაიჭირეს და მეც მაგის მეშინია," _ გვითხრა მან.
თუ რა გახდა მეზობლის დაპატიმრების მიზეზი თავდაპირველად არ გაგვიმხილა და დაკავებულის შვილთან გადაგვამისამართა. როგორც ამ ახალგაზრდამ გვიამბო, მისი მამა, მამედოვ ჯამალედინი `ქართული ოცნების~ აქტივისტია. "მამაჩემი `ქართულ ოცნებაშია~. ორი კვირაა რაც დაიჭირეს. წესით დღეს უნდა გამოუშვან (კომენტარი ჩაწერილია 1 სექტემბერს). ველოდებით, არ ვიცით რას იზამენ. სოფელში `ქართული ოცნების~ გაზეთებს არიგებდა. ბაზარში იყო წასული და იქ აიყვანეს. რა გახდა დაჭერის მიზეზი, ვერ ვხვდებით, ამიტომ ვფიქრობთ, ეს ყველაფერი ივანიშვილის პარტიას უკავშირდება," _ გვითხრა მან.
ამ ინფორმაციას არ ადასტურებს მუღანლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თავთუხ გაჯიევი და განმარტავს, რომ აღნიშნულის შესახებ ჩვენგან შეიტყო. "ეს ამბავი პირველად თქვენგან მესმის. თითქმის მთელ სოფელს ვიცნობ, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მსგავსი არაფერი გამიგია. ამიტომ ვერაფერს გეტყვით," _ აღნიშნა მან სატელეფონო კომენტარში.
| Print |
FaceBook Twitter Google