არჩევნები 2015
დარღვევების მიუხედავად, „სამართლიანი არჩევნები“ კარდაკარის შედეგებს დადებითად აფასებს
მაია ყალაბეგაშვილი
საარჩევნო სია, რომ არჩევნების გაყალბების ყველაზე კარგი საშუალებაა, ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებულმა არჩევნებმაც ნათლად აჩვენა. არაზუსტი სია, რომლის შესახებაც წინასაარჩევნოდ თითქმის ყველა მედიასაშუალება წერდა, 2012 წლამდე სამოქალაქო რეესტრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით ყალიბდებოდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კერძოდ, 2011 წლის 15 ნოემბერს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისია შეიქმნა. კომისიას 21 ადამიანი წარმოადგენდა: 7 "ნაციონალური მოძრაობის", 7 ოპოზიციური პარტიების და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. კომისიას გადამოწმებული სიები ცესკოსთვის 2012 წლის პირველ ივლისამდე უნდა წარედგინა, ხოლო პირველი აგვისტოსთვის უკვე საბოლოო სია უნდა გამოექვეყნებინა. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ბიუჯეტი თებერვლიდან აგვისტომდე 4 მილიონ 700 ათასი ლარით განისაზღვრა. მიმდინარე წლის 20 აპრილიდან კი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მიერ კარდაკარის პროექტი დაიწყო. კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის თქმით:„ეს არის ძარითადი საშუალება განსაზღვრული კანონით, როდესაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის უნდა დაზუსტდეს ამომრჩეველთა ერთიანი სია აღნიშნული კომისიის მიერ”. კარდაკარის პროექტის განხორციელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), ყველა საარჩევნო უბანსა და ოლქში, ყველა სახლსა და უბანში დაიგეგმა. კომისიის მიერ საკმაოდ მოკლე დროში, ორი კვირის განმავლობაში,მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა 11 100 რეგისტრატორი, რომლებმაც შესაბამისი ტრენინგ კურსი გაიარეს და ეფექტურობის დასადგენად საპილოტე პროექტიც განახორციელეს. „ყველა რეგიონში 25 შერჩევითი უბანი იქნა ამორჩეული, კონტრასტული უბნები, ქალაქის, სოფლის, დიდი, პატარა, მთიანი, ბარის და სრულად დავინახეთ ის ლანდშაფტი, რაც შეიძლება შეგვხვდეს ჩვენ საყოველთაო კარდაკარის განხორციელების დროს”– აღნიშნავდა კომისიის თავმჯდომარე.
მისივე განცხადებით, ამომრჩეველთა სიაში ჩასწორებები უნდა განხორციელებულიყო გარდაცვლილებთან, უცხოეთში გასულ და გაურკვეველ დაუდგენელ ამომრჩევლებთან, ე.წ. მიწერებთან დაკავშირებით. 31 ივლისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პროექტ „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ წარმოადგინა. „კარდაკარის მონაცემები სრულად აისახება ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დროს და მათ სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაცია დაემატება. სწორედ, ამ ორი წყაროს მეშვეობით შეიქმნება ამომრჩეველთა ერთიანი სია“, – განმარტა კომისიის ხელძღვანელმა, მამუკა კაციტაძემ.
მისი განცხადებით, კომისიამ "კარდაკარის" პრინციპით, 3 483 142 ამომრჩეველი შეამოწმა, აქედან გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ წასულია 291 871, რეგისტრაციის მისამართიდანაა მოხსნილი - 132 156, შიდა მიგრაციაში იმყოფება - 649 839, ხოლო კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველთან. „ის სამუშაო, რომელიც კომისიის მიერ არის შესრულებული, ნამდვილად იძლევა იმის რწმენას და იმედს, რომ საარჩევნო სიები არის ზუსტი. საქართველოში წელს იქნება ის არჩევნები, როდესაც არც ერთ ობიექტურ პირს საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით შეკითხვა აღარ გაუჩნდება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ.გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გურჯაანის # 12 საარჩევნო ოლქში 2010 წელს 55 ათას 848 ამომრჩეველი იყო, კარდაკარის კომისიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისად კი, მათი რიცხვი 55 ათას 432–მდე შემცირდა. გურჯაანის # 12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნატალია ბეგაშვილის განცხადებით, ორ წელიწადში ამომრჩეველთა რაოდენობის 412–ით შემცირება რეალურია. „თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს ამომრჩევლები გახდნენ 93–94 წლებში დაბადებული ახალგაზრდები, როცა შობადობა საქართველოში საკმაოდ დაბალი იყო და 2 წლის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობასაც ვივარაუდებთ, აღნიშნული ცდომილება საკმაოდ რეალურია,“ – გვითხრა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.
საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიების უბნებზე განთავსება 27 აგვისტოდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება საკუთარი მონაცემები სიაში გადაემოწმებინათ. როგორც კოალიცია ქართული ოცნების გურჯაანის #5 საარჩევნო უბნის კომისიის წევრები აღნიშნავენ, სიაში არაერთი უზუსტობა დაფიქსირდა. „ხუთი გარდაცვლილი დავითვალეთ, აქედან ჩვენი განცხადების საფუძველზე 4 ამოიღეს, ერთი ისევ წერია, ვერ ვხვდებით რატომ. ასევე 7 ადამიანს მითითებული აქვს, რომ საზღვარგარეთ იმყოფება, როცა ყველა მათგანი გურჯაანშია, ათამდე ამომრჩეველი ფიზიკურად არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. მაგალითად, ოკინაშვილი გივი, ლუაშვილი ანდრია, ბოჭორიშვილი ელნაზი და მაკა და ა.შ.“ – გვიყვებიან საარჩევნო უბნის კომისიის წევრები მაყვალა ხელაშვილი და ნაირა მეფარიძე. ამავე უბნის ამომრჩეველი ნანული ხიჟჩენკო გვიყვება, რომ უფროსი ქალიშვილი 17 წლის წინ დედოფლისწყაროში გათხოვდა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს, ამის თაობაზე კარდაკარის წევრებსაც განუმარტა, თუმცა მარინა ხიჟჩენკო ისევ სიაშია. „დაახლოებით ერთი კვირის წინ ამის შესახებ განცხადება დავწერე და საარჩევნო უბნის კომისიის მდივანს დავუტოვე, გუშინ კიდევ ერთხელ შევამოწმე, მაგრამ მარინა ისევ სიაშია,“ – აღნიშნავს ქალბატონი ნანული.
უზუსტობები დაფიქსირდა #46 საარჩევნო უბანზეც. თამარ ბადრიაშვილი, რამდენიმე წელია, რაც უკვე რაც საზღვარგარეთ ცხოვრობს, რამდენიმე ხნის წინ კი ორმაგი მოქალაქეობა მიიღო, სიაშიც მას შემდეგ დაფიქსირდა, თუმცა მის გრაფაში არ არის მითითებული, რომ საზღვარგარეთ იმყოფება. კარდაკარის კომისიის შედეგების შესახებ სამართლიანი არჩევნების „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მონიტორინგის“ პროექტის კოორდინატორი ელენე ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ აღმოჩენილი დარღვევების მიუხედავად, კარდაკარის კომისიის მუშაობა შეიძლება დადებითად შეფასდეს: „კომისიას ჩვენ მიერ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად ვაწვდიდით, იყო ისეთი დარღვევები, როცა რეგისტრატორი მეწყვილის გარეშე მუშაობდა, არ შეყავდათ პირები დამატებით სიაში, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე არ იწერებოდა განცხადებებები და ა.შ. მიუხედავად ამ დარღვევებისა ჩვენი მონიტორინგის შედეგები მაინც დადებითად შეფასდა,“ – ამბობს ქალბატონი ელენე და ამის მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ კარდაკარის შედეგები ემთხვევა გასულ წელს სამართლიანი არჩევნების მიერ ჩატარებულ კვლევას.
| Print |
FaceBook Twitter Google