არჩევნები 2015
"ქართული ოცნების" ლიდერი კახელებს შეხვდა
თამარ კაპანაძე
10 სექტემბერს პოლიტიკური კოალიცია `ქართულ ოცნებასთან~ შესახვედრად, მოსახლეობა ყველა რეგიონიდან შეიკრიბა. მათი თქმით აქციაზე წასვლის სურვილი ბევრს ჰქონდა, მაგრამ `ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენლებმა დააშინეს.
`ქართული ოცნების~ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენით დაიწყო. გურჯაანში კენჭს იყრის _ მანანა ბერიკაშვილი, საგარეჯოში _ თინათინ ხიდაშელი, ახმეტაში _ ზვიად ზვიადაური, ლაგოდეხში _ ელდარ კურტანიძე, თელავში _ გელა სამხარაული, ყვარელში _ დავით კევლიშვილი, სიღნაღში _ გელა გელაშვილი, დედოფლისწყაროში _ ალექსანდრე თამაზაშვილი. ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ გაყიდონ თავიანთი ღირსება და პირველ ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთონ. `მე ვიცი, რომ ეს ხელისუფლება ცდილობს ხალხი სიცრუეში შეიყვანოს, არ შეგეშალოთ, პირადულზე არ გადახვიდეთ. ვიცი, რომ ხალხს ნათესავური დამოკიდებულებები აქვს, მაგრამ შეხედეთ თქვენს მომავალს. მთავრობა პირდაპირ ფულს ურიგებს ხალხს, აიღეთ, ეს თქვენი ნაძარცვის ნაწილია, მაგრამ არჩევნების დღეს ღირსეულად მოიქეცით.~ კოალიციის ლიდერმა ამომრჩეველს ის პრიორიტეტული საკითხები წარუდგინა, რომელზეც `ქართული ოცნება~ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იზრუნებს. "გლეხს ვაზის მოვლა ძვირი უჯდება, რასაც მოწეული მოსავალი ვერ ანაზღაურებს. სოფლის მეურნეობის აღსადგენად ამ დარგში ერთი მილიარდის ჩადება გადავწყვიტეთ. ტრაქტორი გზაზე კი არ უნდა იდგეს, რათა მტერმა დაინახოს, არამედ მინდორში უნდა მუშაობდეს მოყვრის გულის გასახარად. ისეთ პირობებს შევქმნით, ერთი გოჯი მიწაც კი არ დარჩება დაუმუშავებელი, ყველა მოსწავლე მიიღებს ხარისხიან განათლებას. ცილს მწამებენ თითქოს მასწავლებლებს ვემუქრები, არ დაიჯეროთ, ხალხო. პირიქით, დღეს მათი ავტორიტეტი დაკნინებულია, ქედს ვიხრი თითოეულის წინაშე. ხალხი მაღალი ფასების გამო მკურნალობას ვერ ახერხებს, ძვირია წამლები, ჩვენი გამარჯვების შემდეგ სახელმწიფო ყველა მოქალაქეზე იზრუნებს."შეკრებილ მოსახლეობას საზოგადოების სხვა ცნობილმა წევრებმაც მიმართეს.
გივი ბერიკაშვილი: "ვისაც სამშობლო გიყვართ, ვისაც თქვენი ქვეყნის მომავალი გაინტერესებთ, მიდით არჩევნებზე და სწორი არჩევანი გააკეთეთ!~ ზაზა კოლელიშვილი: `ვინ თქვა, კახეთს ეშინიაო? ვინც ეგ თქვა, თვითონ ეშინია. მე აქ ვარ იმიტომ, რომ სიმართლეც აქაა. ადამიანი ერთხელ იბადება და თავისუფალია. ჩვენ ეს დაგვავიწყეს, ხალხო!"
დათო მაღრაძე: "მიშა სხვის ესთეტიკასა და გემოვნებაზე ლაპარაკობს, იგი პირველ ოქტომბერს პოლიტიკიდან მიდის და არ მინდა ისე გავაცილო, რომ არ ვუთხრა თვითონ ვინაა. ის არის შუშის ხიდი მტკვარზე, `რაფაელოს~ ყუთი და იუსტიციის სახლი ერეკლეს მოედანზე."
ელექტორატი `ქართული ოცნების~ პოლიტიკური კურსით კმაყოფილი იყო და ხელისუფლების მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის აგენტია, არ ეთანხმებოდა. "ქართული ოცნება" საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზაა, ბიძინა ივანიშვილი მხსნელად მოევლინა ხალხს. მასზე ამბობენ, თითქოს წარსულში დაბრუნება უნდა, რაც ტყუილია. ის ნამდვილი ქართველი პატრიოტია!" _ გვითხრა გურჯაანელმა მამუკა რუაძემ.
აქციის მონაწილეები `ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობდნენ: "სანამ თელავში წამოვიდოდი, `ნაციონალები~ მოვიდნენ და მითხრეს: `წადი სახლში `მაიკა~ გამოიცვალე, ახალგაზრდულ ჯგუფში გაგაწევრიანებთ და სამსახურიც გექნებაო. რატომ აქამდე არ ზრუნავდნენ, ეხლა მოუნდათ ჩემი დახმარება?" _ გვითხრა კარდენახელმა ახალგაზრდამ.
ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა მისივე თანასოფლელმაც. "კარდენახელი `ნაციონალები~ გამარჯობას არ მეუბნებიან, რადგან `ქართული ოცნების~ წევრი ვარ. ჩემი სოფლიდან აქციაზე 50-60 კაცი მოდიოდა, მაგრამ სანამ `მარშუტკა~ მოვიდა `ნაციონალებმა~ მოსახლეობა დააშინეს და დაშალეს. იცით, რამდენ ბენზინგასამართ სადგურზე ვიყავით? ყველგან გვეუბნებოდნენ, შუქი და ბენზინი არ გვაქვსო. ალბათ ესეც ხელისუფლების მითითება იყო."
"ნაციონალებმა ხალხი დააშინეს და არ გამოუშვეს. ზოგს ისიც კი უთხრეს, დახმარებას შეგიწყვეტთო, მაგრამ მე მაინც წამოვედი, რადგან მაგათი არ მეშინია," _ გვითხრა გავაზელმა ჟუჟუნა ალადაშვილმა.
აქციის ბოლოს პანკისელმა ქისტებმა გივი ბერიკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს თეთრი ნაბდები უსახსოვრეს. შეხვედრა კი ბერა ივანიშვილის სიმღერით დასრულდა.
| Print |
FaceBook Twitter Google