არჩევნები 2015
"კარდაკარის" შედეგები და სიაში გადამოწმების გზები
მარინა ბეროშვილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მოსახლეობას პროექტ "კარდაკარის" შესახებ ინფორმაცია არ აქვს. როგორც ისინი ამბობენ, მათი აღწერა ამომრჩეველთა რეგისტრაციის მიზნით არავის უწარმოებია.
31 ივლისს ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ პროექტ `კარდაკარის~ შედეგების პრეზენტაცია მოაწყო. პროგრამა `კარდაკარის~ კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს ორი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შედეგები გააცნო. პროექტის ფარგლებში ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 მილიონ 483 ათას 142 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რომელთაგან 2 160 608 ზუსტი მაჩვენებელია. სიაში გამოტოვებულია 72 000 ამომრჩეველი. 25 949 ამომრჩეველი გარდაცვლილია, 291 471 საზღვარგარეთ იმყოფება, შიდა მიგრაციაშია 649 839 ადამიანი. დაზუსტებები კი 39 426 პირად მონაცემში შევიდა. რეგისტრაციის მისამართიდან 132 156 ამომრჩეველია მოხსნილი. აღნიშნული პროექტის შესახებ იორმუღანლოს თემის სოფლებში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ინფორმირებულები არ არიან და ამბობენ, რომ სგავსი პროგრამა მათ სოფელში არ განხორციელებულა. "სიტყვა "კარდაკარ" პირველად მესმის. ოჯახში არავინ მოსულა და არც არაფერი უკითხავს. სხვებთან თუ იყვნენ, არ ვიცი. მე თვითონ კომისიის წევრი ვარ `ნაციონალური მოძრაობიდან". ის რომ, 1 ოქტომბერს არჩევნებია, ამის შესახებ ყველამ იცის. სოფელში რამდენიმე საარჩევნო უბანია და სიებიცაა გამოკრული. ყველას შეუძლია მივიდეს და თავის თავი ნახოს," _ გვითხრა #44-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა თეიმურ ხოჯაევმა.
იურუს სარიევის თქმით, მათი სოფელი უპატრონოდაა და არც წინასაარჩევნოდ გახსენებია ვინმეს. "ჩვენთან არავინ მოსულა და არც აღწერა გაუკეთებია. ჯერჯერობით წინასაარჩევნოდაც არ გავხსენებივართ," _ გვითხრა მან.
პროექტ `კარდაკარის~ შესახებ არც სოფელ ლამბალოს მკვიდრს რაფაელ სულეიმანოვს სმენია. მან ისიც არ იცის, არის თუ არა სიაში, ან როგორ გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები. "ვერაფერს გეტყვით, ვერ ვხვდები რას მეკითხებით. არც ის ვიცი საარჩევნო სიაში ვარ თუ არა, მაგრამ არჩევნებზე აუცილებლად მივალ. საერთოდაც მაგ დღეს მე თბილისში ვიქნები და იქ ვაპირებ ერთ-ერთ უბანზე მისვლას, მე მგონი ასეც შეიძლება," _ ამბობს რაფაელ სულეიმანოვი.
ეთნიკური აზერბაიჯანელების ინფორმირების მიზნით `სპექტრი~ ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მდივანს ბადრი ნიაურს დაუკავშირდა. მისი თქმით, `კარდაკარი~ არჩევნების ობიექტურად ჩატარების თვალსაზრისით ბოლო ოცი წლის მანძილზე უპრეცედენტო პროექტია. საქართველოს მასშტაბით კი, ამომრჩეველთა სიაში ყველა მოქალაქეა დარეგისტრირებული. "სიაში საკუთარი თავის მონახვა ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია. მათ უნდა გააგზავნონ შეტყობინება (პირადი ნომერი, გამოტოვება და დაბადების წელი) ნომერზე 2012, ან დარეკონ ცხელი ხაზზე (032 2623232) ანდაც მოძებნონ თავიანთი მონაცემები საიტის სია.გოვ.გე მეშვეობით. ასევე შეუძლიათ საკუთარი გვარ-სახელი მონახონ საარჩევნო უბანზე არსებულ სიებში. ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად ყველა მოქალაქეა რეგისტირებული და ასახული მონაცემთა ბაზაში," _ გვითხრა ბადრი ნიაურმა და აქვე დასძინა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამატებითი სიები აღარ იქნება. "დამატებითი სიების გაუქმებაზე პოლიტიკური პარტიები და `რვიანი~ (რვა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება, ავტ.) ჯერ კდევ ამ კომიისიის შექმნამდე ერთი წლით ადრე შეთანხმდნენ, რადგან ეს პროცესი მეტი მანიპულირების საშუალებას იძლეოდა," _ განმარტა მან.
ბადრი ნიაურის თქმით, ეთნიკურ უმცირესობათა სპეციფიურობიდან გამომდინარე (ენის ბარიერისა თუUგანსხვავებული მენტალიტეტის გამო) აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში `კარდაკარის~ პროექტი მონაცემთა დაზუსტების მიზნით განმეორებითაც კი ჩატარდა.
| Print |
FaceBook Twitter Google