არჩევნები 2015
არათანაბარი წინასაარჩევნო გარემო ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე
მაია ყალაბეგაშვილი
როგორც ერთ–ერთ წინასაარჩევნო ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარი პრიორიტეტი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა, რისთვისაც აუცილებელია, მოხდეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე რეაგირება და მათი პრევენცია. მისივე თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იურისტებმა ცესკოს მიერ ორგანიზებული გადამზადების კურსები გაიარეს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ეხებოდა.
ისინი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ცესკოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს პრინციპებს გაეცნენ. ცესკოს სახელმძღვანელო რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებსაც გადაეგზავნათ. „მათ მიეცათ ინსტრუქცია, რომ იხელმძღვანელონ არამარტო ამ სახელმძღვანელოს მიერ დადგენილი ნორმებით, არამედ საარჩევნო კოდექსითაც. გარდა ამისა, ამავე საკითხზე უწყებათაშორისი კომისიაც აქტიურად მუშაობდა რეგიონებში და რეგიონალურ ოფისებს მათ მიერ ჩამოყალიბებული ორი რეკომენდაციაც გადაეგზავნათ,“ – აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა. ასეთი განცხადებების მიუხედავად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უამრავი ფაქტი სწორედ მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან დაფიქსირდა. საქართველოს პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ ქალაქ გურჯაანს ოთხჯერ სტუმრობდა. ქვეყნის პირველმა პირმა „ერთიანი ნაციონალური პარტიის“ აგიტაციით გახსნა: ჯი–პი–აი–ს საავადმყოფო, იუსტიციის სახლი, სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსი და ეკლესია. ბოლო ვიზიტი კი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე შედგა და უშუალოდ ამომრჩეველთან შეხვედრას ისახავდა მიზნად.
ცენტრალური ტელეარხების უმრავლესობა ამ ღონისძიებებს საინფორმაციო გადაცემებში მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა და პრეზიდენტთან მისული მოქალაქეების სიმრავლეზე აკეთებდა აქცენტს. რეალურად კი, რაც რეგიონში ხდებოდა, მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალების ობიექტივში თუ მოხვდა. თვითმმართველობის წამომადგენლები ოპერატიულად ახდენდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალააქეების მობილიზებას. შეხვედრაზე მოჰყავდათ მოქალაქეები სხვადსახვა მუნიციპალიტეტიდან, როგორც კერძო, ისე ორგანიზაციის ტრანსპორტით; მკაცრ მითითებას აძლევდნენ ხელმძღვანელებს და დასწრებას ავალდებულებდნენ პედაგოგებს, მედპერსონალს, ააიპ–ის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი) თანამშრომლებსა და მოსწავლეებს. „დედოფლისწყაროდან ჩამოვედი. მითხრეს, პრეზიდენტთან შესახვედრად აუცილებელად უნდა წამოხვიდე, თუ გინდა რომ სამსახურში დარჩეო. ორი მცირეწლოვანი ბავშვი დედამთილს ჩავაბარე. რა უნდა მექნა?! ძლივს ვიშოვე სამსახური,“ – ამბობს ერთ–ერთი ააიპ–ის თანამშრომელი, რომელიც გასაგები მიზეზების გამო ვინაობას არ გვიმხელს.
უამრავი ანალოგიური შინაარსის კომენტარის ციტირება შეგვიძლია, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ერთის ავტორს ვერ დავასახელებთ, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ თითოეული მათგანი ან საკუთარ, ან ოჯახის წევრის სამუშაო ადგილს უფრთხილდება. ყველა ზემოჩამოთვლილ შეხვედრაზე განსაკუთრებული ზეწოლით მიჰყავდათ პედაგოგები, როლებსაც ჯერ დირექტორები აფიქსირებდნენ, შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მოქალაქეებისგან განსხვავებით, ზედმეტად აქტიურობდნენ, როგორც რეგიონის, ისე მუნიციპალიტეტების თანამშრომლები. პრეზიდენტთან შეხვედრებს ორგანიზებას უწევდნენ: (სამუშაო დროს) გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სიბაშვილი, თანამშრომლები ლაშა ჩივიაშვილი და დავით ტატოშვილი (საარჩევნო პროცესში ჩართული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და შვებულებაში მყოფი თანამშრომლები), გამგებელი დავით მესხიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი, სპეციალისტი თემურ ბუწაშვილი, თორნიკე სიბაშვილი, ოთარ იმერლიშვილი და სხვები.
საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, მმართველი პარტიის მიერ სარეკლამო ფართის გამოყენება თითქმის ექსკლუზიურად მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარ კანდიდატად გუბერნატორი არჩევნებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე წარადგინა, სარეკლამო ფართი თითქმის სრულად დაიკავა გიორგი ღვინიაშვილის პლაკატებმა. მხოლოდ ერთი საბილბორდე ფართი ერგო „კოალიცია ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მანანა ბერიკაშვილს. ხოლო „ქრისტიან–დემოკრატების“ კანდიდატმა, როგორც თავად აცხადებს, „იმის გამო, რომ მისთვის ადგილი არ გამოინახა“, საკუთარი ბილბორდი შენობის ფასადზე გამოფინა. ქალაქ გურჯაანის #12 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნატალია ბეგაშვილმა ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, გურჯაანის საუბნო კომისიების სრული სია მოგვაწოდა. კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის 13 წევრიდან მხოლოდ ერთია ნაციონაულური მოძრაობის წარმომადგენელი, 6 საოლქოს მიერ არჩეული დანარჩენი კი-სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან. გურჯაანში 51 საარჩევნო უბანია, სადაც საოლქოს მიერ არჩეული წევრებად ძირითადად საჯარო მოხელეები, პედაგოგები და მედპერსონალია წარმოდგენილი. ,,ქართული ოცნების~ შტაბის წევრი, ზურაბ დანელიშვილი აღნიშნულ თემაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: `პრაქტიკულად კომისიის 13 წევრიდან 7 ხელისუფლების მხარდამჭერია და მათი სია `ნაციონალური მოძრაობის~ შტაბში დგება. ამაში თქვენც იოლად დარწმუნდებოდით, კომისიის წევრების არჩევნებს რომ დასწრებოდით. 600 კანდიდატიდან 400 უნდა არჩეულიყო, რასაც მხოლოდ 40 წუთი დასჭირდა, რადგან ხელს მექანიკურად იწევდნენ. არჩევნების გაყალბების დროს მმართველი პარტია სწორედ ამ რეზერვს ეყრდნობა.~ `კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის~ წარმომადგენელის ირაკლი მელაშვილის თქმით, საუბნო კომისიის 13 წევრიდან 7 კი არა მმართველ პარტიას თითქმის 9 წევრი უჭერს მხარს, რადგან ისინი ფსევდოოპოზიციონერები არიან. ეს კი ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.
| Print |
FaceBook Twitter Google