არჩევნები 2015
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები _ ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემების შესახებ
ლანა გულოშვილი გაზეთი `სპექტრი~ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს სთავაზობს ბლიც-ინტერვიუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან. თითოეულ მათგანს ერთი და იგივე კითხვებით მივმართეთ: 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ყველაზე მწვავედ რა პრობლემა დგას? 2. თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, როგორ აპირებთ მათ დახმარებას? `სპექტრი~ შეეცადა ამ კითხვებზე პასუხი ყველა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისგან მიეღო. თუმცა ზოგიერთ მათგანთან (`ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი~ ოფიციალურ საიტზე მითითებულ ნომერზე არ პასუხობს, `ნაციონალური მოძრაობა~ პრესსამსახურმა კანდიდატების საკონტაქტო ინფორმაცია არ მოგვაწოდა) ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა. თემურ მჭედლიშვილი, `ლეიბორისტული პარტია~ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის პრობლემა ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. მათთვის დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი მიწების პრობლემაა. მათ ნაკვეთებში სიმინდი ჰქონდათ დათესილი და უკვე ამოსული იყო, რომ გადაუხნეს და უცხოელებს გადასცეს. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად დავაყენებთ იმ საკითხს, რომ აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ ისევ დაიბრუნოს კუთვნილი მიწები. ყველანაირად ვეცდები, რომ სოფლებში ჰქონდეთ ტრაქტორი, საწვავი და სარწყავი წყალი. თინა ხიდაშელი, `ქართული ოცნება~ იორმუღანლოს თემში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმირებული ვარ. ვიცი, რომ ყველაზე მეტად მიწასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ეს ადამიანები ფაქტიურად საძოვრებისა და სამეურნეო ნაკვეთების გარეშე არიან დარჩენილები. არ აქვთ საარსებო წყარო, რითაც ოჯახები უნდა შეინახონ. ვიცი, რომ ისინი შრომისმოყვარე ხალხია. პარლამენტში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, პირველ რიგში რასაც მათთვის გავაკეთებთ, სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყება იქნება. დავაყენებთ საკითხს, რომ ხალხს ის მიწები დაბრუნონ, რომლებიც წლების განმავლობაში მათ მფლობელობაში იყო. ამით ჩვენ კიდევ ერთ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ზაზა ცხვარიაშვილი, `თავისუფლი საქართველო~ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემები ჩემთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია. 5000 ჰექტრამდე მიწა წაართვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ეს ის მიწებია, რომელიც მათ მამა-პაპისგან მოსდევთ, გადაფორმებულიც ჰქონდათ და წლების მანძილზე მათ საკუთრებაში იყო. ისინი ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. პარლამენტში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, პირველ რიგში, რასაც მათ სასარგებლოდ გავაკეთებ, იქნება ის, რომ დავაყენებ საკითხს, ამ მიწების რაციონალიზაციის შესახებ, რათა მოსახლეობას თავიანთი კუთვნილი ადგილები დაუბრუნდეს და გადაუნაწილდეს ყველა ოჯახს თანაბრად იჯარის სახით. დავით მაისურაძე, ახალი მემარჯვენეები რა თქმა უნდა, ეთნიკურ უმცირესობებს ვხვდები და ვიცი, რომ მათაც ძირითადად იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც ქართველებს. თუმცა, ისინი ასევე ასახელებენ შიდა საუბნო გზების გაუმართაობისა და წყლის პრობლემებს. გარდა ამისა, უჩივიან იმასაც, რომ არასაკმარისი მიწები აქვთ. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, რა პროგრამაც განხორციელდება, საიტზე დევს და ყველას შეუძლია ნახოს. `ახალი მემარჯვენეების~ ინიციატივაა, მცირე მეწარმეებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავცეთ დანგრეული საწარმოები, რომ შეძლონ მცირე ბიზნესის წარმოება და ჰქონდეთ საშუალება ოჯახები არჩინონ. ეს გაზრდის დასაქმებულთა რიცხვს. გიორგი ობოლაშვილი, `ქრისტიან-დემოკრატები~ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს თითქმის ყოველდღე ვხვდები, ვისმენ მათ პრობლემებსა და გასაჭირს. ისინი ძირითადად იგივე მდგომარეობაზე საუბრობენ, რაზეც ამავე რაიონში მცხოვრები დანარჩენი მოსახლეობა. თუმცა, განსაკუთრებით აწუხებთ დაუკანონებელი მიწის ნაკვეთების საკითხი. ჩემი გამარჯვებისა და პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში, მაქსიმალურად შევეცდები, რომ ამ ადამიანების გვერდში დავდგე და აბსოლუტურად ყველა კანონის დაცვით მოვუგვარო ეს პრობლემები.
| Print |
FaceBook Twitter Google