არჩევნები 2015
ლაგოდეხისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები-ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემების შესახებ
მარინა ბეროშვილი გაზეთი `სპექტრი~ ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს სთავაზობს ბლიც-ინტერვიუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან. თითოეულ მათგანს ერთი და იგივე კითხვებით მივმართეთ: 1. თქვენს მუნიციპალიტეტში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ყველაზე მწვავედ რა პრობლემა დგას? 2. გამარჯვების შემთხვევაში, როგორ აპირებთ მათ დახმარებას? `სპექტრი~ შეეცადა ამ კითხვებზე პასუხი ყველა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისგან მიეღო. თუმცა ზოგიერთ მათგანთან (`ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი~ ოფიციალურ საიტზე მითითებულ ნომერზე არ პასუხობს, `ნაციონალური მოძრაობა~ პრესსამსახურმა კანდიდატების საკონტაქტო ინფორმაცია არ მოგვაწოდა, `ახალი მემარჯვენეების~ კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე ზარებს არ პასუხობს) ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა. ვასილ ჭიჭინაძე, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პარტია `თავისუფალი საქართველო~ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ჩასვლა და ხალხთან გასაუბრება მწირი ფინანსების გამო აქამდე ვერ მოვახერხე. ამ წუთას რომ გითხრათ მათი პრობლემების შესახებ რამე ვიცი-მეთქი, ტყუილი იქნება. დღეიდან დავიწყებ მათთან შეხვედრებს. ყველანაირად ვეცდები, რომ რაც ერთი თვის განმავლობაში უნდა გამეკეთებინა, მაქსიმალურად ამ ორი კვირის მანძილზე მოვახერხო და მათ პრობლემებს დეტალურად გავეცნო. ჩვენი პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში კი ყველანაირად ვეცდები მათ გვერდით დავუდგე და შეძლებისდაგვარად დავეხმარო. ლუკა კურტანიძე, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პარტია `ქართული ოცნება~ ლაგოდეხის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ აზერებაიჯანელებს, ისევე როგორც ქართველ მოსახლეობას ერთნაირი პრობლემები აქვთ. ეს არის სოციალური მდგომარეობა, ჯანდაცვა, განათლება. აზერბაიჯანელების გარდა რაიონში ცხოვრობენ ლეკები და ქისტები. მათ ყველას საერთო პრობლემა აქვთ, თითოეულ მათგანს რუსეთის ფედერაციაში ბევრი ნათესავი ჰყავს, თუმცა წლების განმავლობაში ვერ ეკონტაქტებიან. მათთვის ყველაზე პრობლემური ეს საკითხია და სურთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აღდგეს. გამარჯვების შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და მთლიანად საქართველოში, მოგვარდეს სოციალური მდგომარეობა. ასევე ვაპირებთ საქართველოსა და რუსეთს შორის აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა. ამ კუთხით ეთნიკურ მოსახლეობას ვაძლევთ არა მარტო პირობას, არამედ ადამიანურ სიტყვას, რომელიც საქართველოში ყოველთვის ფასობდა, რომ პირველ რიგში ეს საკითხი იქნება წინა პლანზე წამოწეული. ზურა ჯაფარიძე, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პარტია `ახალი მემარჯვენეები~ აზერბაიჯანული სოფლების მოსახლეობა ძირითადად ერთი და იგივე პრობლემაზე საუბრობს. სირთულეები თავს იჩენს გაზაფხულზე, ხვნა-თესვის პერიოდში, როდესაც საწვავისა და პესტიციდების სიძვირის გამო ვერ ახერხებენ ნაკვეთების დამუშავებას. გარდა ამისა, არ არის მოწესრიგებული გზები, არ აქვთ წყალი და განსაკუთრებით მწვავედ დგას, გაზიფიცირების პრობლემა. გამარჯვების შემთხვევაში, ხელს შევუწყობთ სოფლის მეურნეობის განვითარებას, იქნება ეს ქართული თუ აზერბაიჯანული სოფლები. ჩვენ გპირდებით, რომ მოსახლეობას ხელმისაწვდომ ფასად მივცემთ საწვავს, რათა გლეხი იყოს წელში გამართული. ჯემალ მაჭარაშვილი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პარტია `ქრისტიან-დემოკრატები~ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც მთელ საქართველოს მოსახლეობას. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. თუმცა, საწვავისა და პესტიციდების სიძვირის გამო, მიწების დამუშავება უჭირთ. ჩვენ ,,ქრისტიან-დემოკრატებს~ ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს ამ პრობლემების გადასაჭრელად. ეს იქნება საწვავზე, მინერალურ სასუქზე დაბალი ფასი და ზოგადად, დაბალი ტარიფები. პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი თავისი კეთილდღეობისთვის არ უნდა იჯდეს. მან ყველა ის პრობლემა უნდა გააჟღეროს, რაც მის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. გელა სამხარაული, თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, Pპარტია `ქართული ოცნება~ ყარაჯალის მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდში რამდენჯერმე შევხვდი, ვისაუბრეთ იმ პრობლემების შესახებ, რაც დღესდღეობით მათ აწუხებთ. სოფელში არ აქვთ სასმელი წყალი, საერთოდ გასაკეთებელია შიდა საუბნო გზები. ამასთან ერთად, აქვთ ხევის პრობლემა, რომელიც ადიდების დროს კალაპოტიდან გადმოდის და ხალხს სახლებში უვარდება. წყალდიდობის შედეგად ხშირად იტბორება და ზიანდება საფლავები. აქედან გამომდინარე მათ პირველად ეს საკითხი დააყენეს, ისინი დამბების გაკეთებას ითხოვენ. ჩვენი პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში, ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ. ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება თანხა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა თვითონ აირჩევს რა უნდა გაკეთდეს სოფლისთვის. ჩვენს რაიონში ეს ერთი სოფელია, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და ყველანაირად ვეცდებით გვერდში დავუდგეთ და სათანადო ყურადღება მივაქციოთ. გიორგი მოსიაშვილი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პარტია `თავისუფალი საქართველო~ მინდა გითხრათ, რომ ყარაჯალის მოსახლეობას ხშიად ვხვდები. კიდევ დავამატებ იმას, რომ სოფელში აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი პლაკატები მაქვს გაკრული. ამ ხალხთან ძალიან ახლოს ვარ. რაც შეეხება მათ პრობლემებს, გეტყვით რომ მოსახლეობა აქ ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევს, სარწყავი არხების უქონლობის გამო ვერ მოჰყავთ მოსავალი. სოფელში აგრეთვე, არა აქვთ სასმელი წყალი. მოსახლეობას დიდი მანძილიდან უწევს მისი მოტანა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ აქვთ ნორმალური განათლების სისტემა. მათი უმრავლესობა ბაქოში იღებს განათლებას, იქ წასულები კი ხანდახან უკან აღარ ჩამოდიან. ამიტომ ვფიქრობ, მათ უნდა შევუქმნათ სათანადო პირობები, რომ საქართველოში დარჩნენ და მონაწილეობა მიიღონ ქვყნის აღმშენებლობაში. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხებს. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.
| Print |
FaceBook Twitter Google