არჩევნები
„ევროპული საქართველო“ 50 ლარით დააჯარიმეს

დღეს გურჯაანში თავისუფლების ქუჩაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მაშინ დააჯარიმეს, როდესაც ისინი საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ.

როგორც ჩვენთან საუბარში ევროპული საქართველოს გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი , დედეოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა,ოქმი კანონდარღვევით დაიწერა და ამით „ქართული ოცნება“ მათთვის წინაასარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას ცდილობს.
„დღეს დაახლოებით ორი საათისთვის „ევროპული საქართველოს“ აქტივისტები ცენტრალურ მაგისტრალზე პლაკატებს აკრავდნენ. მოვიდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და რაღაც ოქმი შეადგინეს. ეს არის „ქართული ოცნების“ აგონიაში ყოფნა, რადგან ჩვენთვის გაუგებარია როდიდან აიკრძალა პლაკატების გაკვრა. სხვადასხვა საშუალებებით „ქართული ოცნება“ ცდილობს ხელი შეგვიშალოს საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ეს არ გამოუვათ. მათი მხრიდან ეს იყო უკანონო ქმედება. გვითხრეს, რომ პლაკატები იკვრებოდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაზე, მაგრამ ტყუილია. ჩვენ ვაკრავდით ცენტრალურ გზაზე არსებულ ელექტროგადამცემ ბოძებზე და ისინი მუნიციპალიტეტის საკუთრება ვერანაირად ვერ იქნება. რა დაგვაკისრეს არ ვიცი, ოქმსაც არ გავცნობივართ, იმიტომ, რომ ეს არის ცირკი მათი მხრიდან. თუ სასამართლოში გამოგვიძახეს, აუცილებლად მივალთ, მაგრამ ჩვენ „ქართული ოცნების“ მერიის ხუშტურებზე არ ვივლით და გავაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას,“ - განუცხადა speqtri.ge-ს გიორგი ღვინიაშვილმა.

როგორც ჩვენთან საუბარში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა რამაზ ქიტიაშვილმა განმარტა, დაჯარიმება კანონის ფარგლებში მოხდა.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისთვის, შევადგინეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. როდესაც საარჩევნო კამპანია დაიწყება და ცესკო ოფიციალურად მოგვმართავს, ამის მერე მუნიციპალიტეტი განსაზღვრის ადგილებს, სადაც შეიძლება სააგიტაციო მასალის გაკვრა. ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა და შესაბამისად, არ არის ზუსტად განსაზღვრული ადგილები. “

რამაზ ქიტიაშვილის თქმით, აღნიშნული კანონდარღვევისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 50 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google