არჩევნები
ვინ არიან და საიდან მოდიან გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს დეპუტატობის კანდიდატები
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის 4 კანდიდატია გამოკვეთილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილი, მმართველი გუნდიდან დავით სონღულაშვილი, „ევროპული საქართველოდან“ გიორგი ღვინიაშვილი და „ლელო საქართველოსთვის“ ეკატერინე ქვლივიძე.





ლევან ბეჟაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1997 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში. 2003–2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2004–2008 წლებში მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ. 2008 წლის თებერვლიდან ივლისამდე იყო კახეთის გუბერნატორი. 2008 წლის 15 ივლისიდან 2012 წლის აგვისტომდე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბეჟაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, თუმცა აღნიშნულ ოლქში „ქართულო ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი შიოლაშვილმა გაიმარჯვა.




გიორგი ღვინიაშვილი წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდანაა. პროფესიით სამართალმცოდნეა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. 2008 – 2012 წლებში იყო კახეთის გუბერნატორი.

2004 – 2008 წლებში საქართველოს პროკურატურის სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსისა და თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა. 2004 წელს მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურის დეპარტამენტის უფროსად. 2002 – 2003 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის პოზიციას იკავებდა, 1992 – 2002 წლებში კი საქართველოს პროკურატურის თანაშემწე, სტაჟიორი, გამომძიებელი, გენინსპექციის პროკურორი გახლდათ. 2005 და 2009 წელს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი.

2013 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გიორგი ღვინიაშვილი მთავარ პროკურატურაში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხა, რადგან იმ პერიოდში თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა.




დავით სინღულაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკიდანაა. მან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკური ინფორმატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, აგრეთვე სწავლობდა კავკასიის ბიზნესის სკოლაში მარკეტინგის სპეციალობაზე. არის გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი.

2016 წელს სონღულაშვილი გურჯაანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს და საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. თუმცა მანამდე, 2004 წელს დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე, ასევე მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწედ. 2012 წელს „ნაციონალური მძრაობის“ შემომწირველთა სიაშიც ფიქსირდებოდა, როდესაც პარტიას 7000 ლარი გადაურიცხა.
2004 – 2006 წლებში „საქართველოს ბანკის“ შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ, 2003 წელს კი ტელეკომპანია „მზის“ გაყიდვების მენეჯერი. 2007 – 2016 წლებში შპს „ედრესის“ მმართველი დირექტორი იყო.





ოპონენტებისგან განსხვავებით პირველად იყრის კენჭს „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატი საგარეჯოელი ეკატერინე ქვლივიძე, რომელიც საქართველოში პირველი სამხედრო მფრინავი ქალია. ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, თუმცა უწყება 2019 წლის თებერვალში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და როგორც თავად აცხადებდა, სამინისტროში შექმნილი მძიმე მდგომარეობის, კერძოდ, მისი უფლებების გამუდმებით დარღვევის გამო, იძულებული გახდა კონტრაქტი შეეწვიტა. ამის შემდეგ, სამინისტრომ მას სასამართლოში უჩივლა და ყოფილი თანამშრომლის 28 000 ლარით დაჯარიმება მოითხოვა. 2019 წლის აპრილში ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის უწყებაში დაბრუნდა და სამინისტრომ მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლოდან უკვე გამოიტანა.

ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებში მფრინავად 2007 წლიდან მუშაობდა, 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 9 თებერვლამდე ის იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გადიოდა ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი გაარკვია, რომ ის წოდებრივად და თანამდებობრივად უფრო დაბალ შტატზე იყო გადაყვანილი.
ამჟამად ეკატერინე ქვლივიძე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში რექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს საფრენოსნო მომზადების დარგში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2020 /