არჩევნები 2015
"ქართული ოცნება" ლაგოდეხში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს
მარი გონაშვილი
საპარლამენტო არჩევნები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის #15 ოლქის 35 უბანზე ჩატარდა. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, დარღვევებს აქაც ჰქონდა ადგილი. #14 კართუბნის უბანზე რამდენიმე დარღვევა მოხდა, რომელიც დამკვირვებელმა ვახტანგ ბარბაქაძემ დააფიქსირა. ილია გელაშვილი უბანზე ხმის მისაცემად მივიდა, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან სარეგისტრაციო გრაფაში მის ნაცვლად ხელმოწერა უკვე გაეკეთებინათ:"არჩევნებზე მოვედი. მინდოდა ჩემი მოვალეობა შემესრულებინა. მარკირებაზე შემოწმებაც გავიარე, სიაშიც ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ხმის მიცემის უფლება აღარ მომცეს, რადგან ჩემს ნაცვლად გრაფაში ვიღაცას ხელი უკვე მოუწერია."
ამავე უბანზე `ნაციონალური მოძრაობის~ ბროშურით მოსული ამომრჩეველი დაფიქსირდა. მან `სპექტრთან~ საუბარში აღნიშნა: `როცა დაგვირიგეს, გვითხრეს, რომ ამ ბროშურებით მოვსულიყავით ხმის მისაცემად.~ #18 კაბლის უბანზე არჩევნების მსვლელობის დროს `ქართული ოცნების~ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე მივიდა. როგორც იქ შეკრებილმა მოსახლეობამ თქვა, მისი მიზანი გაყალბებისგან თითოეული ხმის დაცვა იყო. თუმცა, `ქართული ოცნების~ მაჟორიტარი კანდიდატის გამოჩენას მაინც ხმაური და ერთგვარი გაუგებრობა მოჰყვა.
დარღვევებს ადგილი ჰქონდა ასევე საოლქოშიც. #24 საარჩევნო უბნის საბოლოო შემაჯამებელ ოქმში მონაცემები გადახაზულია და ასეთივე ფორმით არის ატვირთული ცესკოს საიტზე, რაც კანონით აკრძალულია. შესწორება მხოლოდ შესწორების ოქმში უნდა დაფიქსირებულიყო. არაერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდნენ რწმუნებულები, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ; რიგ უბნებზე არ იყო გამოკრული სადემონსტრაციო ოქმი. ამ და სხვა არაერთი დარღვევის გამო `ქართული ოცნების~ წარმომადგენლები #15 ლაგოდეხის ოლქში, 2012 წლის 1 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგების გაბათილებას მოითხოვდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google