არჩევნები 2015
ხმები 50 ლარის სანაცვლოდ

ნატალია ბარბაქაძე; ქეთი არჯენიშვილი; 

 ყვარლის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნებმა გარკვეული დარღვევებით ჩაიარა. მთელი დღის განმავლობაში რიგ უბნებზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის კანონდარღვევას. მაგალითად: ჩანტლისყურის #15 საარჩევნო უბანზე `ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენელი კაბინაში შეჰყვა ამომრჩეველს და ხუთიანი შემოახაზინა; ყვარლის #4 საარჩევნო უბანზე `ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენელი ამომრჩევლებს ხმის მიცემის პროცედურაში ეხმარებოდა; იყო ბიულეტენების კაბინის გარეთ შევსების ფაქტები, რა დროსაც მოქალაქეები თავიანთ არჩევანს საჯაროდ აფიქსირებდნენ; საბუეს #25 საარჩევნო უბანზე მოხუცი ქალბატონი შევიდა კაბინაში, შემოხაზა ხუთიანი, გამოვიდა და თქვა: "შემოვხაზე ხუთიანი და დანაპირები 50 ლარი სად არისო?~ ბალღოჯიანის #7 უბანზე და-ძმა ერთად შევიდა კაბინაში და ერთ-ერთმა ორივეს ნაცვლად მისცა ხმა. `ყვარლის #16 ოლქის საარჩევნო უბნებზე არაერთი საჩივარი დაიწერა. თუმცა, ზოგიერთმა კომისიის თავმჯდომარემ არ ჩაიბარა. მაგ. მთისძირის #6 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ გამოგვიცხადა, არ მინდა და საჩივარს არ მივიღებო," _ ამბობს ქართული ოცნების წარმომადგენელი ლაშა ალადოშვილი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვან დარღვევებს ჰქონდა ადგილი ყვარლის #16 საოლქო-საარჩევნო კომისიაშიც. უბნების მონაცემების ჩაბარება და ოქმების ცესკოს საიტზე ატვირთვა არათანმიმდევრულად ხდებოდა. მაგალითად, ენისელის #24 უბანი 03:41 წუთზე შემოვიდა, მისი მონაცემები საოლქომ მაშინვე ჩაიბარა, თუმცა ცესკოს საიტზე ოქმების ატვირთვა და დამკვირვებლებისთვის შედეგების გაცნობა საოლქოს თავმჯდომარის კაბინეტში ხანგრძლივი თათბირის შემდეგ, 07:30 სთ-ზე მოხდა. ენისელის უბნის მონაცემების დაგვიანებით გაცნობამ დამკვირვებლებში გარკვეული ეჭვი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უბნის მონაცემების დროულად გაცნობას ითხოვდნენ, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი პროცესს ხელოვნურად აჭიანურებდნენ და არც შეფერხების მიზეზს განმარტავდნენ. აღნიშნულ ფაქტზე დავწერეთ, საჩივარი რასაც მდივნის, ნატო ნაპირელის გაღიზიანება მოჰყვა და საოლქოდან გამოძევებითაც დაგვემუქრა. გარდა ამისა, მან სხვა დამკვირვებელს არ მისცა საშუალება ჩვენს მიერ შედგენილ საჩივარს გასცნობოდა და დაგვმოწმებოდა.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მთელი ღამის განმავლობაში კომისიის მდივანი და სხვა წევრები უბნებიდან შემოსული ოქმებით ხელში თავმჯდომარის კაბინეტში შედიოდნენ და დარბაზში გარკვეული დროის შემდეგ ბრუნდებოდნენ, ცესკოს საიტზე ოქმებსაც მხოლოდ ამის შემდეგ ტვირთავდნენ. როდესაც აღნიშნული ქმედების მიზეზი ვკითხეთ, თავმჯდომარე, გოჩა სარჯველაძემ გვიპასუხა: "წარმოდენა არ მაქვს რა ოქმებზე მელაპარაკებით." როგორც მოგვიანებით გამოიკვეთა, ენისელის #24 საარჩევნო უბანზე შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, არ ახლდა შესწორების ოქმი, თუმცა, ცესკოს საიტზე შესწორების ოქმებთან ერთად აიტვირთა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენს მიერ შედგა საჩივარი, რომელიც 4 ოქტომბერს გამართულ საოლქოს სხდომაზე არ დაკმაყოფილდა. შეცდომებია დაშვებული ყვარლის #2 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებშიც. კერძოდ, მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულია, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 892, ხოლო პროპორციულში მათი რაოდენობა 894-ს შეადგენს. ამ და სხვა დარღვევებზე არაერთი საჩივარი დაიწერა, რაც საოლქომ არ დააკმაყოფილა. ამან ადგილობრივი ამომრჩევლების გაღიზიანება გამოიწვია და 3 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ აქცია გაიმართა. მონაწილეები იმ უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, სადაც მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა: "მთელ რიგ უბნებზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს, რომელიც საოლქომ აუცილებლად უნდა განიხილოს. განსაკუთრებით ყურადსაღებია პირველი, მეორე და მესამე უბნები, სადაც არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. საოლქოს ჩვენი მოთხოვნები გავაცანით, მაგრამ გვიპასუხეს, ჯერ საკითხს განვიხილავთ და პასუხს მერე გეტყვითო, თუმცა დღემდე არ განუხილავთ. თუ ამ უბნების შედეგები არ გააუქმეს, ჩვენ არ დავიშლებით და მიზანს მაინც მივაღწევთ. საქმე გვაქვს რთულ და მნიშვნელოვან დარღვევებთან, რომლის პატიებაც არ შეიძლება. გარდა ამისა, გვაქვს ფაქტები, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს თითო ხმაში ორმოცდაათ-ორმოცდაათი ლარი დაურიგეს," _ აღნიშნა `ქართული ოცნების~ შტაბის წევრმა ოთარ ადომლიშვილმა.

საოლქომ 4 ოქტომბერს განიხილა #16 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დავით მირზიკაშვილის საჩივარიც, რომელიც ყვარლის ხუთი უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვდა. საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში, მისი თქმით, მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ სასაზღვრო ჯარის ნაწილების წარმომადგენლებს, რომელთა უმრავლეოსობა არ იყო ყვარლის მაცხოვრებელი. თუმცა, კომისიამ 7 ხმით სამის წინააღმდეგ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ქართული ოცნების წარმომადგენლები იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ აპირებენ სასამართლოს მიმართონ. აქვე მკითხველს შევახსენებთ, რომ ყვარლის საარჩევნო ოლქში `ნაციონალურმა მოძრაობამ~ პროპორციულ არჩევნებში 9787 ხმა მიიღო, `ქართულმა ოცნებამ~ _ 9097. მაჟორიტარულშიც `ნაციონალების~ კანდიდატი მარიკა ვერულაშვილი ლიდერობს 9922 ხმით. `ქართული ოცნების~ კანდიდატმა დავით ქევხიშვილმა კი 9122 ხმა დააგროვა.

| Print |
FaceBook Twitter Google