არჩევნები
რა დარღვევის ფაქტები დააფიქსირა ISFED-მა კახეთში
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 15 საათის მონაცემებით არსებული დარღვევის ფაქტები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნის მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზებამ და ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ამ დროისთვის, მსგავსი შემთხვევები 11 საარჩევნო ოლქის 18 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ასევე გამოვლინდა ამომრჩევლებისთვის ფოტოების გადაღების ფაქტები.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკის გამოყენება. კვლავ ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები. რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა მარკირების წესის დარღვევის შემთხვევებიც. ცალკეულ უბნებზე რეგისტრატორები ბიულეტენებს დარღვევით გასცემდნენ.“ - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამ ეტაპისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ კახეთის რეგიონში დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

ამომრჩევლის ნების კონტროლი

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნის ტერიტორიის შესასვლელთან დაახლოებით 20 მეტრის ფარგლებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. ამავე საარჩევნო ოლქის #40 უბანზე მიმდინარეობს ამომრჩევლის აღრიცხვა;

#16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს აქვს ამომრჩეველთა სია და აღრიცხავს უბანზე მოსულ ამომრჩეველს.

#18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #20, და #6 უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უბნის შიგნით და მის გარეთ მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.

ამომრჩევლებისთვის ფოტოს გადაღება

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე, ან მიმდებარედ მედია საშუალება „ნიუპოსტის“ წარმომადგნელები მოსულ ამომრჩევლებს ფოტოებს მასშტაბურად უღებენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს ირღვევა კენჭისყრის ფარულობა. ამომრჩევლებს ბიულეტენები კაბინებიდან გამოაქვთ გახსნილ მდგომარეობაში ისე, რომ უბანზე მყოფ პირებს შეუძლიათ დანახვა, თუ ვის მისცეს ხმა.
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #47 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს მასიურად გამოაქვთ ღია ბიულეტენები ისე, რომ დამსწრე პირებმა დაინახონ ვის მისცეს ხმა. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის შენიშვნას აგრესიით პასუხობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამომრჩეველს ღია ბიულეტენით გამოტანის უფლება აქვს.
#14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #18 უბნზე ამომრჩეველმა ხმა მისცა რეგისტრატორის მაგიდასთან, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს რეაგირება არ მოუხდენით.

COVID-19-ის რეგულაციები
#16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველს რეგისტრატორი კომისიის წევრები ამომრჩეველს არ სთხოვდნენ პირბადის მოხსნას მათი იდენტიფიცირების მიზნით.

უბნის გარეთ კოორდინატორების მობილიზება


#13 სიღნაღის საარჩვნო ოლქის #17 უბანთან სამარშრუტო ტაქსიში ამომრჩეველთა სიებით სხედან უცნობი პირები და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.


ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია - 47 საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიებში - 33 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 21 შენიშვნა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები isfed / არჩევნები 2020 /