არჩევნები 2015
რიგგარეშე არჩევნები ვაქირში

ლანა გულოშვილი

 14 ოქტომბერს სიღნაღის #13 საარჩევნო ოლქში, სოფელ ვაქირის #5 უბანზე, მაჟორიტარული არჩევნები განმეორებით ჩატარდა. უბანზე დილიდანვე იმყოფებოდა სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი `ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან~, ლევან ბეჟაშვილი, მოგვიანებით კი `ნაციონალური მოძრაობის~ სხვა ცნობადი სახეებიც გამოჩნდნენ: პეტრე ცისკარიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, კობა ხაბაზი, ეკა ხერხეულიძე, გიორგი ბოტკოველი, გურჯაანის ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი და სხვები, რომლებიც საარჩევნო უბნის ეზოში იმყოფებოდნენ. დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ეზოში მყოფ ყველა პირს, გარდა ჟურნალისტებისა, ტერიტორია დაატოვებინა. დღის განმავლობაში უბანზე მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა იმის გამო, რომ გადასატანი ყუთი არ ჰქონდათ, საკუთარი ხმის დაფიქსირება, ღრმად მოხუცებულებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საარჩევნო უბანზე უწევდათ."მოვედი და ჩემი აზრი გამოვხატე. გადასატანი ყუთი სახლში არ მომიტანეს, არც პირველ არჩევნებზე და არც ეხლა. მაშინაც ძალიან ვინერვიულე, რომ ჩემი ხმა დაიკარგა. ეხლა ვეღარ მოვითმინე, ამიტომ ოჯახის წევრებს ვთხოვე აუცილებლად წამიყვანეთ-მეთქი. ივანიშვილს ვუჭერ მხარს. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანას ეშველება. მე თუ ვერ მოვესწრები, ახალგაზრდები ხომ მაინც ბედნიერად იცხოვრებთ," _ ამბობს 85 წლის ქრისტინე დემეტრაშვილი, რომელიც ეზოდან საარჩევნო ყუთამდე სკამით აიყვანეს.საოლქო კომისიის თავმჯდომარის მამუკა კორაშვილი თქმით კი, ასეთ შემთხვევებში მოქალაქეებს წინასწარ განცხადება უნდა ჰქონოდათ დაწერილი.

ვაქირის #5 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა `ქართული ოცნების~ დეპუტატობის კანდიდატის გამარჯვებით დამთავრდა. გელა გელაშვილმა 527 ხმა დააგროვა, `ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა კი-86 ხმა. ამ მონაცემების მიხედვით გელა გელაშვილმა ხმების 86%, ლევან ბეჟაშვილმა კი 14% მიიღო.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ვაქირის საარჩევნო უბანზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები `ქართული ოცნების~ საჩივრის საფუძველზე გაბათილდა. თუმცა, ისინი არა ხელახალ არჩევნებს, არამედ ბეჭდებითა და კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით დამოწმებულ იმ ოქმების შედეგების მიღებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც, `ქართული ოცნების~ მაჟორიტარი კანდიდატი გელა გელაშვილი ლიდერობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google