არჩევნები 2015
ნატალია ბეგაშვილი "ქართული ოცნების" ბრალდებებს არ პასუხობს

მარინა პეტრიაშვილი

არჩევნების დღემ, როგორც სრულიად საქართველოში, ისე გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც გარკვეული ხარვეზებით ჩაიარა. საარჩევნო უბნებზე მრავალი სახის დარღვევა გამოვლინდა, რომელზეც საჩივრები დაიწერა. კოალიცია `ქართული ოცნების~ წარმომადგენელი ზურა დანელიშვილი, დღის განმავლობაში გურჯაანის დაახლოებით 15 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და საკმაოდ ბევრი დარღვევა დააფიქსირა. მისი თქმით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა: ვეჯინის, კარდენახის 31-ე, 32-ე, 33-ე, ჩუმლაყის მე-19 და 43-ე, და ველისციხის მე-14, მე-15, მე-16 უბნები, სადაც ძირითადად პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა, რის თაობაზეც მან რამდენიმე საჩივარი დაწერა და გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნატალია ბეგაშვილს წარუდგინა, რომელმაც საჩივრების განხილვაზე უარი განაცხადა.  "რამდენიმე უბანზე ოქმებში რიცხვები მდივნის მიერ იყო გადასწორებული. მისი თქმით, ეს მექანიკური შეცდომა იყო, მაგრამ კოდექსი გარკვევით მიუთითებს, რომ თუ მდივანს შეეშალა შევსების დროს, მან კი არ უნდა გადაასწოროს, არამედ უნდა შეადგინოს ე.წ. `შესწორების ოქმი~ და იქ ჩაწეროს სწორი რიცხვი. აქედან გამომდინარე, კოდექსი უბნის მდივნის დაჯარიმებას ითვალისწინებს. ამ და სხვა დარღვევებზე დავწერე საჩივრები, რომელიც არჩევნების შემდეგ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს წარვუდგინე. ის ვალდებული იყო განეხილა და დამნაშავეები დაესაჯა დისციპლინური წესით, თუმცა მისი მხრიდან ამ ფაქტებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია,"- გვითხრა ზურა დანელიშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ ამის შემდეგ იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა, რომელმაც მისი საჩივარი დააკმაყოფილა.

"საკითხი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გავასაჩივრე, რომელმაც ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და საოლქოს თავმჯდომარეს დაავალა თავისზე დაკისრებული მოვალეობა შეესრულებინა. თავის მხრივ, საოლქომ ეს გადაწყვეტილება თბილისში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ ამ უწყებამ ძალაში დატოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. გაიმართება სხდომა და ყველა პიროვნება, კომისიის წევრი, თუ თანამდებობის პირი, რომელმაც ამა თუ იმ სიმძიმის დარღვევა ჩაიდინა, შესაბამისად უნდა დაისაჯოს," _ გვითხრა მან.

გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქში სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა როგორც ზურა დანელიშვილი ამბობს, მას ფორმალური ხასიათი ჰქონდა."რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობდა, იძულებულები გახდნენ ასე მოქცეულიყვნენ. არ ვიცი რატომ ჩათვალეს საჭიროდ, მაგრამ სხდომას ცესკოს 4 იურისტიც ესწრებოდა. თუმცა მაინც საბოლოოდ ყველაფერმა ფორმალურ ვითარებაში ჩაიარა. მხოლოდ ის საჩივრები განიხილეს, რომელიც სასამართლოზე ნიმუშად წარვადგინე და სხვები არა. წარდგენილი 8 საჩივრიდან მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ გამოიტანეს ყველაზე მსუბუქი დისციპლინარული სასჯელი, გაფრთხილების სახით. დანარჩენ შვიდს კი ლამის მადლობაც გამოუცხადეს," _ გვითხრა ზურა დანელიშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ყველა ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რასაც კომისიის თავმჯდომარეები არჩევნების დღეს აკეთებდნენ, უშუალოდ საოლქო კომისიის თავმჯდომარის ნატალია ბეგაშვილის მითითებით ხდებოდა. "ჩვენ ეხლა მარტო ისღა დაგვრჩა, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს, თუ რეალურად რა ხდებოდა არჩევნებზე. თუნდაც ჩვენი ფორმალური წაგება რა მიზეზით იყო გამოწვეული. ეს არის `ნაციონალური მოძრაობის~ მხრიდან ძალადობა და ტყუილი, საარჩევნო კომისიების მხრიდან კი _ კანონდარღვევა. სწორედ ამის გამო მოიპოვა `ნაციონალურმა მოძრაობამ~ უპირატესობა. მიუხედავად ამისა, მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა გადავუხადო დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს, რომ არ მისცეს საშუალება მასობრივად მომხდარიყო გაყალბება, რომ არა ისინი, რაიონში ალბათ გაცილებით უარესი შედეგი იქნებოდა." აღნიშნულ თემაზე `სპექტრი~ გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნატალია ბეგაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა, მოგვიანებით კი ტელეფონი გამორთო.

| Print |
FaceBook Twitter Google