არჩევნები 2015
განმეორებითი კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული გელა გელაშვილი გახდა
მაია ყალაბეგაშვილი
კახეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგები რამდენიმე მუნიციპალიტეტში გახდა სადაო, თუმცა განმეორებითი კენჟისყრა მხოლოდ ვაქირის # 5 საარჩევნო უბანზე შედგა.
სიღნაღის #13 საარჩევნო საოლქო კომისიამ 2 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, განიხილა საჩივარი 1 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმის შესახებ. სხდომას კომისიის 12 წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიასაშუალებების წარმომადგენლები და საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ. #5 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილ ერთ დოკუმენტში, რომელსაც ბეჭდითა და ხელმოწერთ ადასტურებდა საუბნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, მინაწერით `ასლი დედანთან სწორეა~, ხმები გადანაწილებული იყო შემდეგნაირად: გელა გელაშვილი – ქართული ოცნების კანდიდატი – 377 ხმა, ლევან ბეჟაშვილი – ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი _ 207 ხმა. თუმცა ცესკო-ს საიტზე საოლქო კომისიამ გამოაქვეყნა ოქმი, სადაც გელა გელაშვილს –146, ლევან ბეჟაშვილს კი – 436 ხმა ჰქონდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ოქმს ხელს არ აწერდა საუბნო კომისიის 5 წევრი. 2 ოქტომბერს გამართულ სიღნაღის #13 საარჩევნო საოლქო კომისიის სხდომას ესწრებოდა ასევე ცესკო_ს წარმომადგენელი ეკა ჩაფიჩაძე, მისი განცხადებით, ცესკო_მ სიღნაღში ის ერთი მიზნით გააგზავნა. "მე აქ იმიტომ ვარ რომ კონსულტაციები გაგიწიოთ". აღნიშნავდა ქალბატონი ეკა, თუმცა, საბოლოოდ კონსულტაცია დირექტივებში გადაიზარდა.
განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა. კომისიის წევრების მოთხოვნით, დარბაზში შემოიყვანეს ვაქირის #5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბიჭიკო ჯებირაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, ლევან ბეჟაშვილის სასარგებლოდ გააყალბა. მისი ნათქვამი დაადასტურეს სუბნო კომისიის მდივანმა და მოადგილემ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, სიღნაღის ოლქში, მაჟორიტარულ არჩევნებში ლევან ბეჟაშვილი, `ქართული ოცნების~ კანდიდატს, ამ უბნის მონაცემების გამორიცხვით, მხოლოდ 28 ხმით ასწრებდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კორაშვილმა, ცესკო–ს წარმომადგენლის მითითებით, ექვსი ხმით ექვსის წინააღმდეგ, ვაქირის უბანი ბათილად სცნო. 14 ოქტომბერს ვაქირის #5 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით `ნაციონალური მოძრაობის~ აქტივისტები ამომრჩევლების დაბალი აქტივობის მიზნით სოფელში აგიტაციას ეწეოდნენ. თუმცა კენჭისყრის დღეს ერთიან სიაში რეგისტრირებული 893 ამომრჩევლიდან უბანზე 623 მივიდა, მაშინ როცა გადასატანი ყუთი არ არსებობდა. ისეთი ფაქტიც კი დაფიქსირდა, როცა ასაკოვანი ქრისტინე დემეტრაშვილი საარჩევნო უბანზე სკამით შეიყვანეს: `ოჯახის წევრებს ვთხოვე აუცილებლად წამიყვანეთ-მეთქი. ივანიშვილს ვუჭერ მხარს. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანას ეშველება. მე თუ ვერ მოვესწრები, ახალგაზრდები ხომ მაინც ბედნიერად იცხოვრებთ" _ გვითხრა მან.
ვაქირის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საარჩევნო უბანი იყო განთავსებული დილიდანვე იმყოფებოდა სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი `ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან~, ლევან ბეჟაშვილი და მხარდამჭერთა რანგში კი სხვა ცნობადი სახეები: პეტრე ცისკარიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, კობა ხაბაზი, ეკა ხერხეულიძე, გიორგი ბოტკოველი, გურჯაანის ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი და სხვები. საარჩევნო უბნიდან გამოსული მოსახლეობა უკმაყოფილებას ვერ ფარავდა: "ძალიან საწყენია არჩევნების პირველადი შედეგები რომ გააყალბეს, რატომ გვაწვალებენ ამდენს? წინაზეც 41 ნომერი შემოვხაზე და ეხლაც. არჩევანი ამ პარტიაზე იმის გამო შევაჩერე, რომ წინა ხელისუფლება რაღაც პროექტებს კი ახორციელებდა, მაგრამ სოფლის მეურნეობას არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. გლეხებზე არ ფიქრობდნენ. ვნახოთ რა იქნება ამის შემდეგ. ჩემთვის არავის უთქვამს არჩევნებზე არ მოხვიდეო, სოფელში ბევრს ჭორაობენ, მაგრამ მე დიდი ხანის განმავლობაში თბილისში ვმუშაობდი, იქ ვცხოვრობდი და ბევრ მეზობელს არც კი ვიცნობ,"_ გვითხრა ელგუჯა ეგეტაშვილმა.
დღის ბოლოს დაძაბულობამ თანდათან იმატა, სკოლის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ნასვამი ადამიანები. მანამდე ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ეზოში მყოფ ყველა პირს, გარდა ჟურნალისტებისა, ტერიტორია დაატოვებინა. კენჟისყრის პროცესს სხვადასხვა ორგინიზაციების, მასმედიისა და დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა, დაახლოებით 60-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. უბანი კანონის შესაბამისად საღამოს 8 საათზე დაიხურა. ხმის დათვლის პროცესში თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, თუმცა როგორც კი `ქართული ოცნების~ სასარგებლოდ ხმათა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა, საარჩევნო უბანი მორიგეობით დატოვეს ცესკო-ს წარმომადგენელმა ეკა ჩაფიჩაძემ, საოლქო კომისიის წევრმა ნაცმოძრაობიდან და ამავე პარტიის დამკვირვებელმა, რომელიც კენჭისყრის შედეგად ხმების დათვლის პროცესს აკვირდებოდა. საბოლოოდ, ვაქირის #5 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგად `ქართული ოცნების~ დეპუტატობის კანდიდატმა, გელა გელაშვილმა 527 ხმა დააგროვა, "ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა კი-86. ამ მონაცემების მიხედვით, კახეთში `ერთიან ნაციონალურ მოძრაობას~ 4 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს, ასევე 4 კი კოალიცია `ქართულ ოცნებას".
| Print |
FaceBook Twitter Google