არჩევნები
ოპოზიციურმა პარტიებმა რეგიონები გაინაწილეს - პაატა ზაქარეიშვილი
2 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები ჩატარდება. მერობის კანდიდატები სახელისუფლებო პარტიამ კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში წარადგინა. ლაგოდეხის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში წარადგინა კანდიდატი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, კახეთში ორი კანდიდატი ჰყავს „გახარია-საქართველოსთვის“, ერთი კანდიდატი - „ლელოს“, ერთი - „პატრიოტთა ალიანსს“, ერთი - „თავისუფალ საქართველოს“, ერთიც - „მესამე ძალას“.
„ქართულმა ოცნებამ“ ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში კანდიდატებად მოქმედი მერები: ჯონდო მდივნიშვილი და ნიკოლოზ ჯანიაშვილი წარადგინა, ყვარელში კი - მერის მოადგილე, გივი ზაუტაშვილი დაასახელა.

სიღნაღში კენჭს იყრის ასევე მერის მოადგილე და ყველა დროის ხელისუფლების მაღალჩინოსანი მალხაზ ბეგიაშვილი.

თელავში – ლევან ანდრიაშვილი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი;

ახმეტაში – ალექსი ფიცხელაური, მეღვინე, ახმეტის საკრებულოს ყოფილი წევრი ბურჯანაძის პარტიიდან;

საგარეჯოში – ავთანდილ გულიკაშვილი, ყველა დროის მმართველი პარტიის შემომწირველი;

გურჯაანში კი ახალი სახე, ზურაბ უტიაშვილი - რომელსაც პოლიტიკური წარსული არ გააჩნია და ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

რაც შეეხება ოპოზიციას, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი, 3 კანდიდატია წარდგენილი ოპოზიციის მხრიდან ყვარლის მუნიცპალიტეტში. ესენი არიან: რევაზ ჩოხადარი - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; გიორგი გიგილოშვილი - „გახარია - საქართველოსთვის“ და ალექსანდრე მჭედლიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ოპოზიციას ორ-ორი კანდიდატი ჰყავს საგარეჯოში, სიღნაღსა და თელავში.

საგარეჯო: დავით ჯავახიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; ეკატერინე ქვლივიძე - „ლელო“;
სიღნაღი: ზაზა პაპუაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; გია ხუხიაშვილი - „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“;

თელავი: გიორგი ბოტკოველი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; გიგა ორკოდაშვილი - „გახარია - საქართველოსთვის“;
დანარჩენ 4 მუნიციპალიტეტში კი, ოპოზიციიდან თითო კანდიდატია დასახელებული.

ლაგოდეხში - მალხაზ ნოზაძე - „მესამე ძალა“;

დედოფლისწყაროში - თამაზ კოჭლამაზაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

ახმეტაში - ზურაბ ოტიაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

გურჯაანში - სერგი კაკალაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანში კანდიდატურის წარდგენას გეგმავდა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“, თუმცა, ბოლოს გადაიფიქრა. აქ მერობის კანდიდატად მოქმედი მერის, არჩილ ხანდამაშვილის მოადგილე, სიმონ ქოჩორაშვილი მოიაზრებოდა, რომელიც გახარიას გუნდს აგვისტოს დასაწყისში შეუერთდა.

როგორც სიმონ ქოჩორაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა მერის კანდიდატობასა და საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატობას შორის, შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიიღო.

„არჩევანი იყო გასაკეთებელი: ან მერის კანდიდატი უნდა ვყოფილიყავი, ან სიის პირველ ნომრად და არჩევანი პირველი ნომრის სასარგებლოდ გავაკეთე. ამავე დროს, მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ ოლქში. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ძიებაში ვიყავით, რომ უფრო ცნობადი სახე წარგვედგინა. მართალია, მე მიცნობდნენ, მაგრამ საკრებულოში შესვლა მერჩია. ეს ჩემი არჩევანია, იქ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. მე ვიცი, საკრებულოს მუშაობის რეჟიმიც, ვიცი, მერიაში რა და როგორ უნდა აკეთო. იქ პროტესტი გაქვს თუ არ გაქვს, პირში წყალი უნდა ჩაიგუბო. საკრებულოში უფრო მეტი თავისუფლება და შესაძლებლობაა, რომ არსებულ მდგომარეობაზე პროტესტი გამოთქვა. მოკლედ, ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, რომ საკრებულოს წევრად არჩევა მირჩევნია“.

რატომ არ ჰყავს ოპოზიციურ პარტიებს კანდიდატები რეგიონებში? - ამ საკითხზე თავისი მოსაზრება აქვს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორს, კონფლიქტოლოგსა და პოლიტოლოგს, პაატა ზაქარეიშვილს. მისი განცხადებით, ცნობილია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა რეგიონები გაინაწილეს და კანდიდატებზეც შეთანხმდნენ.

„რეგიონებში უფრო მკაფიოდაა გამოკვეთილი ადგილობრივი არჩევნების აუცილებლობა, მაგრამ როგორც მე ვიცი და როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა პარტიებმა რეგიონები გაინაწილეს და შეთანხმდნენ. მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ მე არ დავაყენებ მაჟორიტარობის კანდიდატებს თბილისში და სამაგიეროდ აიღო გარანტიები ოპოზიციიდან, რათა სხვადასხვა რეგიონში მხოლოდ მათი კანდიდატი ყოფილიყო. არამარტო კახეთში, სხვა რეგიონებშიც „ქართული ოცნების“ საპირწონე ძალად, როგორც წესი, მოიაზრება ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა.“ ეს მანკიერ ფორმად მიმაჩნია, მაგრამ ეს არის რეალობა. „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა თბილისიდან და სამაგიეროდ მიიღო რეგიონები, მათ შორის კახეთი, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია.“

ერთ-ერთ პრობლემად პაატა ზაქარეიშვილი კადრების დეფიციტს ასახელებს და ამბობს, რომ ნიჭიერ და ღირსეულ პიროვნებებს, მმართველი პარტია, კარგი გაგებით, ყიდულობს.

„კადრების დეფიციტი ნამდვილად არის. ყველა რეგიონში არიან ღირსეული ადამიანები, მაგრამ ცოტანი და მმართველი ძალა მათ ეფექტურად, კარგი გაგებითაც კი, ყიდულობს. არიან ნიჭიერი ადამიანები, განათლებულები, ახალგაზრდები, რომლებიც უფრო ქალაქისკენ ან უცხოეთში მიდიან და მათი ყიდვა იოლია. კარგი სამსახურისა და თანამდებობის შეთავაზება, როგორც წესი, შეუძლია მმართველ ძალას, ჩვენს შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“. ამიტომ ძნელია რეგიონებში ოპოზიურმა პარტიებმა იპოვონ ისეთი ადამიანი, რომელიც გარანტირებულად წინააღმდეგობას გაუწევს „ქართულ ოცნებას“ ან ნებისმიერ მმართველ ძალას. მიმაჩნია, რომ საქართველო რეგიონებია და არა მხოლოდ თბილისი, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი ამოყირავებულია. მთელი ენერგია, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების დროს, რეგიონებში უნდა იხარჯებოდეს. მით უმეტეს ისეთ წამყვან რეგიონში, როგორიც კახეთია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არაა.“

იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორი კანდიდატია დასახელებული, არჩევნების ბედი პირველ ტურშივე გადაწყდება. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციისთვის მთავარია, არა ადგილობრივი არჩევნები, არამედ ის, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხონ და ვადამდელი არჩევნების რეალობა შექმნან.

„რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, რომ ოპოზიციურ პარტიებს დაეყენებინათ კანდიდატები თუნდაც იმისთვის, რომ მეორე ტურის ჩატარების შანსები გაზრდილიყო. თუმცა, ვინაიდან წინასწარ იყო შეთანხმება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და დანარჩენ ოპოზიციას შორის - მოდით, გავიყოთ რეგიონებიო - მათთვის მთავარია, არა ადგილობრივი არჩევნები, არამედ პოლიტიკური მომენტი. ვინ იქნება საკრებულოში, რა იქნება ადგილობრივი ბიუჯეტი, გზები, სკოლები და ბაღები კი არ ანაღვლებს ოპოზიციას, მათ ადარდებთ, დაამარცხონ „ქართული ოცნება“ და შექმნან ვადამდელი არჩევნების რეალობა, რაც სამწუხაროდ არ იქნება. ასეთი პოლიტიკით, არანაირი შანსი არ არსებობს.
დღეს ოპოზიცია არ ფიქრობს რეგიონებზე, რაიონებზე, ადგილობრივ არჩევნებზე, მისი მიზანია, სადმე ნებისმიერ წერტილში დახვდეს და დაამარცხოს „ქართული ოცნება“.

პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ კეთდება გზები, ხორციელდება გარკვეული აქტივობები და იქმნება განცდა ადგილობრივი კონტექსტის, შესაბამისად, მათი გამარჯვება უფრო რეალურია.
„ოპოზიციის სტრატეგიული შეცდომა ის არის, რომ ისინი ვერ ხედავენ როგორ მოემსახურონ თავის მოსახლეობას ადგილზე, და როგორ აჩვენონ, რომ ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. პირადად ჩემთვის, უფრო მეტიცაა. იქ არის ნამდვილი, რეალური ადგილობრივი დემოკრატია. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ვერ ფიქრობს იმდენად, რომ ხალხში, ადგილობრივი არჩევნების სახით, დემოკრატია შეიტანოს. ეს არავის სჭირდება. ყველას ურჩევია მართონ რეგიონები, იყოს ხმების ყულაბა და არა - მოემსახურონ მოსახლეობას.

სამწუხაროდ, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ რეგიონები, დემოკრატიის მიმართულებით, მიატოვა. ყველასთვის მთავარია თბილისში გაიმარჯვონ, დედაქალაქში მოკალათდნენ და მერე აქ ერთმანეთს ცხვირ-პირი უმტვრიონ, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია“- აღნიშნავს პოლიტოლოგი.
კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სულ მერობის 21 კანდიდატია დასახელებული. ოთხ მუნიციპალიტეტში გამარჯვებული პირველივე ტურში გაირკვევა, ოთხ მუნიციპალიტეტში კი - თეორიულად, მეორე ტურის ჩატარების ალბათობა არსებობს.



სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |
FaceBook Twitter Google