არჩევნები
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები კახეთში - შედეგები, დარღვევები და შეფასებები
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები დასრულდა. ამ დროისთვის თითქმის ყველა უბანი დათვლილია და წინასწარი შედეგებიც ცნობილია. არჩევნები კახეთის რეგიონის 8 ოლქში გაიმართა, სადაც აირჩიეს მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს წევრები, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით.

წინასწარი შედეგები

მერის არჩევნებში საგარეჯოს N11, გურჯაანის N12, სიღნაღის N13, დედოფლისწყაროს N14, ლაგოდეხის N15, ყვარლის N16 და ახმეტის N18 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. გამონაკლისია მხოლოდ თელავის N17 ოლქი, სადაც 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ამიტომ აქ მეორე ტურია მოსალოდნელი, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატ, ლევან ანდრიაშვილსა (46,75%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ, გიორგი ბოტკოველს (45,42%) შორის გაიმართება.

მეორე ტურია მოსალოდნელი ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის 18.03 დუისის მაჟორიტარულ ოლქშიც, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატ ელდარ ბაღაკაშვილსა (37,5%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ, მალხაზ მაჩალიკაშვილს (30,89%) შორის ჩატარდება. „ქართული ოცნების“ კანდიდატ, მამუკა ბერიაშვილსა (39,58%) და „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატ, რატი ტურაშვილს (33,22%) შორის მეორე ტური ჩატარდება აგრეთვე ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის 16.09 ალმატი-საბუეს მაჟორიტარულ ოლქშიც. დანარჩენ 8 მაჟორიტარულ ოლქში კი გამარჯვებულია ქართული ოცნება.

რაც შეეხება ახმეტას, 7 მაჟრიტარულ ოლქში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ხოლო 2-ში - „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
თელავში 9 ოლქში არჩევნები მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, 4-ში - „ნაციონალური მოძრაობამ“.

მრავალფეროვანი შედეგია ლაგოდეხში, სადაც 7 ოლქში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, ერთში - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ერთში - „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და ერთშიც -დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს ყველა მაჟორიტრაულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.

პროპორციული სისტემით კი,  3%-იანი ბარიერი კახეთში გადალახეს შემდეგმა პარტიებმა: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო“, „სახალხო პარტია“, „მესამე ძალა აღმაშენებელი“.

ოლქების მიხედვით იხილეთ პარტიები, რომლებმაც, წინასწარი მონაცემებით, სამპროცენტიანი ბარიერი გადალახეს:

საგარეჯო: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“
გურჯაანი: „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“.
სიღნაღი: „გახარია საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“
დედოფლისწყარო: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სახალხო პარტია“
ლაგოდეხი: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „მესამე ძალა აღმაშენებელი“, „გახარია საქართველოსთვის“
ყვარელი: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“
თელავი: „გახარია საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“
ახმეტა: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია საქართველოსთვის“.

კენჭისყრის დღე და დარღვევები

კენჭისყრის დღემ, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები ამბობენ, კახეთში მშვიდ გარემოში ჩაიარა. მათივე შეფასებით, არ არსებობს იმის ალბათობა, რომ რომელიმე უბნის გაბათილების საჭიროება დადგეს დღის წესრიგში.

კენჭისყრის დღეს იყო დარღვევები, რაზეც საჩივრები დაწერეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, ისე პარტიის წარმომადგენლებმა.
ცესკოს საიტზე ატვირთული საჩივრებით თუ ვიმსჯელებთ, არჩევნების დღეს გურჯაანისა და ახმეტის ოლქში არცერთი საჩივარი არ დაწერილა.

1 საჩივარი შევიდა საგარეჯოს ოლქში. სიღნაღში - 4; დედოფლისწყაროში - 6; ლაგოდეხში - 2; ყვარელში - 7, თელავში - 5.

დარღვევები ძირითადად იყო პროცედურული ხასიათის, ხდებოდა ამომრჩევლის აღრიცხვა, ადგილი ჰქონდა ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს.

დარღვევები იყო ასევე ყუთის დალუქვასთან დაკავშირებით, უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კომისიის წევრები ეწეოდნენ აგიტაციას, დარღვეული იყო მარკირების წესი და სხვა.

***

გურჯაანის N12 საოლქო საარჩევნო კომისიის N46 უბნიდან 25 მეტრის რადიუსში გამოკრული იყო ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის პლაკატები. Speqtri.ge-მ ამასთან დაკავშირებით, ოლქის თავმჯდომარეს, მაია ჩუთლაშვილს მიმართა. რამდენიმე წუთში დარღვევა გამოსწორდა და აღნიშნული პლაკატები ჩამოხსნეს.

ერთ-ერთი დამკვირვებლის უჩა ქემაშვილის განმარტებით, გურჯაანში რამდენიმე უბანზე ფარული კენჭისყრის პროდუცედურები დაირღვა.
„კაბინებთან იდგნენ ქართული ოცნების კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც ღიად უყურებენ ვინ რას შემოხაზავდა. ამით ფარული კენჭისყრის პროცესი ირღვეოდა. მივეცი შენიშვნა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდნენ აქეთ. 13 საარჩევნო უბანზე ვიყავი და მსგავსი პრობლემა ყველგან დავაფიქსირე.“-ამბობდა ის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის თქმით, თელავში მეცამეტე საარჩევნო უბანთან განთავსებული იყო კარავი, რომელშიც „ქართული ოცნების“ აგიტატორები მოსახლეობის აღწერას აკეთებენ.

ლაგოდეხის N15 საოლქო-საარჩევნო კომისიის N12 უბაზე დაირღვა კენჭისყრის პროცედურები. კერძოდ, რეგისტრატორი მანანა კაპანაძე არღვევდა მარკირების წესს და მარკირების სითხეს ამომრჩეველს ასხამდა მაჯაზე.
თელავის საარჩევნო ოლქის N54 უბანზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელი, ელიარ ხალილოვი რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩევლებს კენჭისყრის კაბინაში შეყვა.

სიღნაღის N12 საოლქო საარჩევნო კომისიის, 28-ე (ბოდბის) უბანიდან 100 მეტრის რადიუსში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ მიმდინარეობა ამომრჩევლებზე ზეწოლა და ხელის შეშლა, რაზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლმა ოლქში, ნინო სპანდერაშვილმა საჩივარი დაწერა.

დედოფლისწყაროს პირველ უბანზე ყუთი არასწორად იყო დალუქული, თუმცა, საოლქო კომისიაში განმარტეს, რომ ლუქი იყო გაკეთებული ყუთზე, მაგრამ არა იმ ადგილას, სადაც კანონმდებლობა მოითხოვს. ამიტომ შედგა აქტი, რომელსაც მოაწერა ხელი ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ჰქონდა უფლება - კომისიის ყველა წევრმა, დამკვირვებელმა, ყველა სუბიექტის წარმომადგენელმა, მომჩივანმა და მოპასუხემ. გასწორდა ლუქი და გაგრძელდა არჩევნები. მათივე თქმით, არჩევნების ჩატარების ხარისხისა და სანდოობისთვის ამ საკითხს ხელი არ შეუშლია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მე-11 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. უბანზე მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება დაახლოებით 30 წუთის დაგვიანებით შეძლეს.


არასამთავრობოების შეფასებები


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)თელავის ოფისის ადვოკატი ხატია ოდიშარია, რომელიც არჩევნებს თელავის საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა, ამბობს, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.

„ზოგადი ტენდენციით თელავის მუნიციპალიტეტში არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, თუმცა, იყო რამდენიმე უბანი, რომელზეც დავწერეთ საჩივარი და გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია 100 მეტრის პერიმეტრის დარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე, ყარაჯალის ერთ-ერთ უბანზე ხდებოდა მუქარა ჩვენს დამკვირვებელზე სხვა დამკვირვებლის მხრიდან. თავმჯდომარემ ის გამოაძევა უბნიდან, თუმცა გარე პერიმეტრზე მაინც რჩებოდა, რის გამოც გამოვიძახეთ პატრული. რეაგირება იყო ის, რომ ამ ადამიანს გარე პერიმეტრი დაატოვებინეს.

ერთ უბანზე მოვითხოვეთ ბათილი ბიულეტენების გადათვლა, რაც უბანზე არ დაკმაყოფილდა, ამიტომ გავასაჩივრეთ ოლქში.
შემიძლია გითხრათ, არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები არ გვქონია უბნებზე.“

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) კახეთის რეგიონული კოორდინატორის, ნანა დევიძის შეფასებით, კახეთში კენჭისყრის დღეს საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, სიმშვიდე იყო.

ორგანიზაციას კახეთში ჰყავდა 9 მობილური ჯგუფი, საუბნო საარჩევნო კომისიის - 71, გარე პერიმეტრის - 10 და საოლქო საარჩევნო კომისიის 8 დამკვირვებელი.

როგორც ნანა დევიძე speqtri.ge-სთან ამბობს, რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტი დარღვევა ყვარლის საარჩევნო ოლქში გამოიკვეთა.

„სადაც ჩვენ ვაკვირდებოდით და რა რესურსითაც ვაკვირდებოდით, მინდა გითხრათ, რომ დარღვევებით ყველაზე გამორჩეული იყო ყვარლის ოლქი. აღსანიშნავია, რომ წინა წლების არჩევნების დროს ყვარელში ამდენი დარღვევა არ ყოფილა. ასევე მინდა გამოვყო გურჯაანის ოლქი, სადაც იყო პროცედურული დარღვევები, მაგრამ ორგანიზაციამ არ ჩათვალა, რომ ეს არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას მოახდენდა და ამიტომ საჩივრები არ დაწერა. ჩვენი ორგანიზაცია არ მუშაობს რაოდენობაზე, იწერებოდა საჩივარი ისეთ დარღვევებზე, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგებზე.

პირადად მე ვაკვირდებოდი არჩევნებს თელავის ოლქში და შემიძლია გითხრათ, რომ ქალაქის უბნებში უფრო გამართული იყო პროცესი, ვიდრე სოფლებში, სადაც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული ჯგუფების მობილიზება ხდებოდა. თუმცა მათთან კომუნიკაციაში რომ შევდიოდი, რათა დამედგინა ვინ იყვნენ და რატომ იყვნენ შეკრებილები, იშლებოდნენ, ან ამბობდნენ, რომ ამომრჩევლები იყვნენ, ან უბანზე შესული იყო ახლობელი ხმის მისაცემად და მას ელოდებოდნენ და ა.შ. სამწუხაროდ, მათი იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა. საჩივრებიც სწორედ ამიტომ ვერ დავწერეთ. “

ნანა დევიძე სკოლის დირექტორების მიერ განხორციელებულ ზეწოლებზეც საუბრობს, თუმცა, ორგანიზაცია პედაგოგების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ იდენტიფიცირებას არ ახდენს.

„იყო შემთხვევები, როდესაც სკოლის დირექტორები უკავშირდებოდნენ მასწავლებლებს და ეუბნებოდნენ, რომ მისულიყვნენ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენ ღიად ვერ განვაცხადებთ, ვისთან დაკავშირებით მოხდა ეს ფაქტი, რადგან ამ ადამიანზე შეიძლება მოხდეს უფრო მეტი ზეწოლა სკოლის დირექტორის მხრიდან ან შეიძლება სამსახურის გარეშეც დარჩეს. რა თქმა უნდა, შესაბამისად, არც საჩივრები დაგვიწერია, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რადგან არც ერთი სკოლის დირექტორი არ დაადასტურებს ამას და საჯაროდ არც პედაგოგები იტყვიან ამის შესახებ რამეს, თუმცა, ჩვენთან საუბრობდნენ.

პედაგოგებს წისაარჩევნო პერიოდშიც ავალებდნენ შეედგინათ 10 ადამიანის სია, რომლებიც აუცილებლად მივიდოდნენ არჩევნებზე და მისცემდნენ ხმას. თუმცა, ერთ-ერთმა პედაგოგმა განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებდა, რადგან ეს იყო უკანონო ქმედება. ახლა დავაკვირდებით, რა ღონისძიებები გატარდება ამ ადამიანის მიმართ.“

ნანა დევიძის განმარტებით, შეიძლება უბანზე არ ხდებოდეს დარღვევა, მაგრამ ძალიან ცუდი ტენდენციაა, როდესაც მიმდინარეობს ამომრჩევლის კონტროლი და იძულება, მივიდეს უბანზე და მისცეს ხმა.



სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /