არჩევნები
ISFED - მეორე ტური არის გაშვებული შესძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების დღის შემაჯამებელი შეფასება გამოაქვეყნა, სადაც ასევე აქცენტს აკეთებს ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და ინციდენტებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

„კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევების ფაქტები. ასევე, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. სამწუხაროდ, დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებს.

Რაც შეეხება ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია. თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების არასწორად ან/და სავარაუდოდ მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები.

არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.“ - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ სამივე დონის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი. 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.



| Print |
FaceBook Twitter Google