არჩევნები
არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ხელახლა დათვლიან
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ხელახლა დათვლიან კიდევ 290-ზე მეტ უბანზე მიცემული ხმების მიხედვით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) გადაწყვეტილებით, ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ხმების დათვლის ვიდეოგადაღება არ ყოფილა 2-ზე მეტ უბანში, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 2-2 უბანი და მონაცემები გადაითვლება, ხოლო საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2, ან ნაკლებია, შედეგებს ავტომატურად, ხელახლა დათვლიან. ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტურში ვიდეოგადაღება არ განხორციელდა მხოლოდ 292 საარჩევნო უბანზე.


საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურში მიცემული ხმების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მოხდა ყველა იმ უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია. ცესკოს მონაცემებით, ასეთი 1 457 უბანია. ჩანაწერები გამოქვეყნებულია ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე.

1 ოქტომბერს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, დამკვირვებლების და მედიის თანდასწრებით გადათვალეს 201 უბნის შედეგები. საარჩევნო კანონმდებლობით, სავალდებულოა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 უბნის მონაცემების გადათვლა, თუმცა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოავლინეს და გადათვალეს 7-7 უბნის შედეგები.

შედეგების ხელახლა დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, ცესკოში განაცხადეს, რომ გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. დეტალური მონაცემები დღეს, 2 ნოემბერს გამოქვეყნდება.

| Print |
FaceBook Twitter Google