პოლიტიკა
"გურჯაანის გამგებელი "ოცნების" პლაკატების ჩამოხევას გვავალებდა"
"ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გერგიძეს უპირისპირდებიან.
მათი თქმით, 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გია გერგიძე მათ "ქართული ოცნების" პლაკატების ჩამოხევას ავალებდა.

"ერთ ღამეს, წინასაარჩევნოდ გურჯაანიდან ჩალაუბნამდე "ქართული ოცნების" ყველა პლაკატი ჩამოვხიეთ. რასაც ვერ ვახევდით, კრასკები გვქონდა და იმით ვღებავდით. ბაკურციხის ცენტრში, ბურჯანაძის პარტიის ბანერზე, გერგიძის დავალებით, "ნაციონალების" პლაკატი იმიტომ გავაკარით, რომ ჯარიმა მათთვის დაეწერათ. დავალებებს გერგიძესთან ერთად ვიღებდით "ქართული ოცნების" ოფისში. ახალგაზრდულ ფრთას ღამის 2, ხან კი 3 საათზე გვიბარებდნენ და ბინძურ საქმეს გვავალებდნენ. დავალებებს გასცემდა ამ ფრთის ხელმძღვანელი გუჯა ქათამაძე(გამგებლის ამჟამინდელი თანაშემწე) და აკაკი კარდენახიშვილი."- ამბობს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრი გიორგი გერგიძე.

აღნიშნულის შესახებ ახალგაზრდული ფრთის სხვა წევრებიც საუბრობენ, თუმცა ვინაობის გამხელისაგან თავს იკავებენ.

ინფორმაციის გადამოწმებას გუჯა ქათამაძესთან შევეცადეთ, რომელმაც მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში კი აღნიშნეს, რომ გამგებელი აბსურდულ თემებზე კომენტარს არ აკეთებს.

| Print |
FaceBook Twitter Google