პოლიტიკა
ბურჭულაძის ფონდი ლაგოდეხისა და გურჯაანის გამგეობებს ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს
პაატა ბურჭულაძის "საქართველოს განვითარების ფონდის" წარმომადგენლებმა თელავის რეგიონულ ოფისში ლაგოდეხისა და გურჯაანის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრეს. "კახეთის რეგიონის განვითარების გეგმა არ არსებობს. ადგილობრივი მმართველობის მიერ სხვადასხვა პროექტებში უსისტემოდ გადანაწილებული და განკარგული თანხებიდან დღემდე არ არის გაცემული მუშების ხელფასები. სამაგიეროდ ლაგოდეხს და გურჯაანში ადმინისტრაციული კანონდარღვევით უშტატო მოხელეებზე გაცემულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არამიზნობრივად განკარგული აქვს 3 მილიონ ლარზე მეტი ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტს 7 მილიონზე მეტი ლარი." - განაცხადა "პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის" შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ხათუნა ლაგაზიძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფონდის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მეგრელიშვილმაც ისაუბრა.

" სოფელ შაშიანში სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის რეგიონების განვითარების ფონდიდან 225 000 ლარი გამოიყო. თანხები გახარჯულია, დარბაზი დაუმთავრებელი და დასაქმებულებს დღემდე არ აუღიათ კუთვნილი ხელფასი. სოფელ ზემო გურგენიანში სოფლის დახმარების პროგრამით უნდა მოწყობილიყო სარიტუალო ფარდული, რომელზეც დაიხარჯა 14.900 ლარი. პროექტი დაუსრულებელია,ე.წ სარიტუალო ფარდული მსხვილფეხა ცხოველების თავშესაფარს წარმოადგენს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკვერში დადგეს უპროპორციო ლოდის ქვა, რომელშიც გადაიხადეს 15.100 ლარი. ლოდის ღირებულებიდან გამომდინარე მის საჭიროებას დღეს მუნიციპალიტეტი ვერ ასაბუთებს."
| Print |
FaceBook Twitter Google