პოლიტიკა
რას ფიქრობს ოპოზიცია- გამოიყენებს თუ არა მთავრობა ადმინისტრაციულ რესურსს
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყო. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მმართველი ძალა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეეცდება.
პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და ხელისუფლების ორგანოების მიმართ სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი ამოქმედდა.
წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნიკა ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ მმართველი ძალა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეეცდება.

„ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ წნეხის ქვეშ მოაქციონ ოპოზიციური პარტიები. რამდენად გამოუვათ ეგ და ადმინისტრაციული რესურსი რამდენად დაუდგებათ გვერდში, ეს სხვა საკითხია. დარწმუნებული ვარ, გამგეობისა და საკრებულოს აპარატში მომუშავეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ნაკლებად ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესებში. კამპანია ახალი დაწყებულია და ტენდენცია ჯერ არ შეინიშნება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ამ წლების განმავლობაში ხელისუფლება ყველა შტოს სათავისოდ იყენებს. 2014 წელს არ მოგვცეს უფლება საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ადგილას ჩვენი სარეკლამო ბილბორდები გაგვეკრა. სადაც გამოვკიდეთ, ყველგან ჩამოგვიხსნეს. წელსაც შეეცდებიან ხელი შეგვიშალონ კამპანიის ღირსეულად ჩატარებაში, თუმცა ეს დიდ გავლენას ვერ იქონიებს და ხელისუფლება მაინც დამარცხდება.“

მთავრობა რომ ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს, ამაში დარწმუნებულია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია შაოშვილიც.

„რა დოზით გამოიყენებს და რანაირად მოხდება, ესაა საინტერესო, დაშინების თუ მოსყიდვის პოლიტიკით. ეს თანდათან გამოჩნდება. ბრმა და ყრუ უნდა იყო, ვერ დაინახო , რომ ისინი საარჩევნო კამანიამდეც იყენებდენ რესურსს. გამგეობის თანამშრომლები მიდიოდნენ სოფლებში, ნახულობდნენ ადამიანებს, ზოგს უბნის უფროსობას, ზოგს აგიტატორობას სთავაზობდნენ. მაგრამ ეს იმდენად დიდი არაფერია, უფრო დაიძაბება ამ მხრივ მდგომარეობა გურჯაანში.“

„ქართული ოცნების“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი კი ამბობს, რომ მმართველ ძალას ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს და ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენება არ სჭირდება.

„ჩვენს საქმიანობას ვახორციელებთ კანონის სრული დაცვით, ასე გაგრძელდება მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ამის პირობას ვიძლევით. მინდა ოპოზიციურ პარტიებს ვუთხრა, დამშვიდდნენ, მაგდაგვარი არაფერი იქნება. იმხელა მხარდაჭერა გავქვს, არაფერში გვჭირდება ადმინისტრაციული რესური.“



კანონის მიხედვით, იკრძალება:

- სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება, თუკი სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

- სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;

- სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) მოსამართლისა;
გ) საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;
დ) გენერალური აუდიტორისა;
ე) საქართველოს სახალხო დამცველისა;
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;
ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;
თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;
ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა;
| Print |
FaceBook Twitter Google