პოლიტიკა
თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა [R]
იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში უკვე ცნობილია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები.
იმერეთში “ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს“ წარმოადგენენ: გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, ელგუჯა გოცირიძე, პაატა კვიჟინაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი და გია მიქელაძე.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარტიის ლიდერებმა წარადგინეს. შხვედრას მრავალი ათასი ადამიანი ესწრებოდა.

„ჩვენ საარჩევნო კამპანიას ქუთაისიდან ვიწყებთ, - მეგობრობის, სიყვარულის, პოეზიის ქალაქიდან, დავით აღმაშენებლის ქალაქიდან, რომელიც ერთიანი საქართველოს სიმბოლოა ყველა ქართველისთვის. 2012 წელს ,,ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თქვენი მხარდაჭერით, შეუპოვარი ბრძოლით გაიმარჯვა არჩევნებში. „ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალ-ღონე არ დაგვიშურებია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ჩვენ მივეცით ხალხს ის, რაც ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - თავისუფლება!“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე ისაუბრა. მათ შორის С ჰეპატიტის პროგრამაზე, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად გაათავისუფლა არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ, ხელისუფლების ჩარევისგან გაათავისუფლა მედია, სასამართლო, პოლიცია. დღეს კი საკუთრების უფლება დაცული და ხელშეუხებელია, ხოლო ამ წარმატებას აღიარებს ყველა - საერთაშორისო ორგანიზაციები თუ პარტნიორი ქვეყნები.
„ჩვენ მომავალ 4 წელიწადში უნდა ავამოძრაოთ ჩვენი ქვეყანა, სამეწარმეო სულისკვეთება გავუჩინოთ ხალხს, მივცეთ მათ საშუალება და დავეხმაროთ, რომ ადამიანებმა თავად შექმნან, დაიწყონ თავიანთი საქმე და თვითონ წარუძღვნენ საკუთარ ბიზნესს. ჩვენ ამაში ყველას ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ, დავაფინანსებთ ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნესს“,-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ დასავლური ღირებულებების ერთგულია, მტკიცედ ადგას ევროპულ გზას და არ დაუშვებს ამ გზიდან გადახვევას.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე იმერეთის მოსახლეობას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.

როგორც ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ ავახდინეთ დიდ წინაპართა ოცნება და რეალურად შევაღეთ ევროპის კარი! შევქმენით ახალი შესაძლებლობების ეკონომიკა! პოლიტიკისგან გავათავისუფლეთ პოლიცია, სასამართლო, ჯარი! დავიწყეთ სოფლის ფეხზე დაყენება! გადავარჩინეთ უამრავი სიცოცხლე! ვამარცხებთ „21-ე საუკუნის ჭირად“ წოდებულ ჩ-ჰეპატიტს! ათასობით დევნილს საკუთარი ჭერი მივეცით! გავათავისუფლეთ ბიზნესი და დავიცავით კერძო საკუთრება! ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, განვითარების რეალური შესაძლებლობები მივეცით!“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჩვენ ერთად უნდა დავუბრუნოთ აქაურობას ის ფუნქცია, რაც ოდითგანვე ქონდა.
„ჩვენი ქვეყანა- საქართველო იმსახურებს, რომ იყოს თავისუფლების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ცენტრი რეგიონში.ხოლო ჩვენი იმერეთი ისტორიულად იმსახურებს, რომ იყოს ინდუსტრიის, დოვლათის შექმნის და პროგრესის ცენტრი საქართველოში! ჩვენ ისე სწრაფად უნდა განვავითაროთ აქაურობა, რომ იმერეთის ქალაქები არაფრით ჩამოუვარდებოდეს დედაქალაქს-აქ ქუთაისში, ზესტაფონში და სხვა ქალაქებში თუ დაბებში უნდა იყოს მუშაობის და გართობის ყველა თანამედროვე საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა- ეს კი მხოლოდ შრომით, სწორი დაგეგმვით და თავისუფალი ნების ადამიანების ერთობით მიიღწევა“,-მიმართა კახა კალაძემ ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას.

„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს მერაბ ქვარაია, ზუგდიდის რაიონში ედიშერ თოლორაია, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გოგა გულორდავა, ხობში გოდერძი ბუკია, სენაკში ირაკლი ბერაია, მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელია, ფოთში კი ირაკლი ხახუბია.
სამეგრელოს როლი ისტორიულად ყოველთვის ძალიან დიდი იყო და დღესაც ასეა. მეგრელები ყოველთვის ამბობდნენ თავის სიტყვას, როდესაც საქმე ჩვენი სამშობლოს ერთიანობას და თავისუფლებას ეხებოდა. - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზუგდიდელებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სამეგრელოს უდიდეს პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება, „ანაკლიის პორტის ამოქმედება არა მარტო სამეგრელოში გააუმჯობესებს ვითარებას, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკას მისცემს სერიოზულ ბიძგს. ეს იქნება იმ მასშტაბის პროექტი, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის და სამეგრელოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე აისახება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მთავრობის ახალ, მნიშვნელოვან ინიციატივაზე მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ თბილისის შემდეგ ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნება, რომელსაც ზუგდიდში მდებარე სამთავრობო რეზიდენცია დაეთმობა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგაზრდები საკუთარი ინოვაციური იდეებითაც მივლენ და დაფინანსების მოპოვებას შეძლებენ. „ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით დამწყებ ბიზნესს, წავახალისებთ და დავაფინანსებთ ახალ იდეებს, რაც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენას და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე აუცილებლად აისახება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა და ისტორიული შერიგების პროცესში მათ როლზე გაამახვილა ყურადღება. „მე მჯერა, თქვენ, მეგრელები, უდიდეს როლს შეასრულებთ ისტორიული შერიგების პროცესში. ხელი უნდა გავუწოდოთ აფხაზ ძმებს და ჩვენკენ შემოვატრიალოთ ისინი. ამ შერიგებით უნდა დაიწყოს საქართველოს გამთლიანება და თქვენ ხართ ამ საქმეში ჩვენი მთავარი დასაყრდენი! რადგან აფხაზეთი აქედან ძალიან ახლოა, მინდა სწორედ სამეგრელოდან მივმართო აფხაზ ძმებს: მინდა გჯეროდეთ, რომ ჩვენ გვინდა შერიგება, გვინდა მშვიდობა და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო პოლიტიკის მაგალითი რუხის რეგიონალური მნიშვნელობის საუნივერსიტეტო კლინიკაა. „ჩვენი სურვილია, რომ თქვენც ისარგებლოთ ამ ულტრათანამედროვე სტანდარტების კლინიკით. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ღირსეულად მიგიღებთ. იგივე შემიძლია ვთქვა რუხის სავაჭრო ცენტრზე, - ვისურვებ, რომ ეს ადგილი კიდევ ერთი გადებული ხიდი აღმოჩნდეს ჩვენ შორის“,-ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დევნილებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისთვის ყველაფერს იღონებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე 12 ათასზე მეტმა ოჯახმა უკვე მიიღო მუდმივი საცხოვრებელი და დღეს ეს ხალხი საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობს. ამჟამად კი, ზუგდიდში, ბინები 2 ათასზე მეტი დევნილი ოჯახისთვის შენდება. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა. „არ გადაუხვიოთ იმ პროგრესის გზიდან, რაც ავირჩიეთ 4 წლის წინ და რაც შეუქცევადად მიგვიყვანს საერთო მიზნამდე. ჩვენ გვექნება მდიდარი, მშვიდობიანი და განვითარებული ქვეყანა“,-განაცხადა კახა კალაძემ.

დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გურიაშიც მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის თანდასწრებით მოხდა. ოზურგეთშიც როგორც ყველა რეგიონში მოსახლეობას კანდიდატები პარტიის ლიდერებმა წარუდგინეს.
ოზურგეთში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ არჩილ თალაკვაძე ხოლო ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში თემურ ჭკუასელი წარმოადგენს. გურულებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მიმართა:
„ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ცოტანი ვართ ისედაც; არ გვაქვს გათითოკაცების უფლება, არ გვაქვს უფლება, პოლიტიკურ დაპირისპირებებს გადავაყოლოთ ქვეყანა, მოვიძულოთ ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენსავით არ ფიქრობს“,
„ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს“ მთავრობის მეთაურის თქმით, „გურიაში სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული, გაორმაგებული პასუხისმგებლობა ახლავს, რადგან გურულები გამორჩეული ხალხია, „გურიას ისეთი სიმდიდრე აქვს, რომლითაც ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის, ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც, რაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. ცნობილია თქვენი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, სილაღე, იუმორი და, რაც მთავარია, კრიტიკული ანალიზის უნარი, რომელიც არასოდეს გღალატობთ. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ ასეთმა ხალხმა ოთხი წლის წინ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ - იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო ქვეყნაში არსებული ვითარება შეეცვალა, მოეხდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა. როგორც ყოველთვის, არც შემცდარხართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია დავუბრუნოთ გურიას. ავაღორძინოთ ჩაის წარმოება. უკვე არსებობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - ,,ქართული ჩაი“, რისთვისაც სახელმწიფო თანხა უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამ პროგრამით დაინტერესებული არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი მეწარმეები. რა თქმა უნდა, მეჩაიეობის აღორძინებას მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაფერისი შემოსავალი ყველა ოჯახში. გარდა ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარიელებთან და ავსტრიელებთან ერთად კომპანია ,,წყალი მარგებელი“ აშენებს 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია. „ნაბეღლავის“ და „ბახმაროს“ გარდა საწარმოში სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელი ჩამოისხმება. ქარხანა ჩამოასხამს ასევე ცნობილ უცხოურ სასმელებს, რომლებიც ექსპორტზე გავა საზღვარგარეთ. ცხადია, ქარხნის ამუშავებას მოჰყვება ხალხის დასაქმება და კიდევ მეტი შემოსავალი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა „Black sea arena-ს“ გახსნისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. „შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 200 მილიონზე მეტი დაჯდა. შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება ბიძინა ივანიშვილის იდეა გახლდათ. გურიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა მართლაც ეს გრანდიოზული პროექტი. ეს პროექტი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისათვის. ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს“,-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. „4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაქციეთ ისეთ სფეროებს ყურადღება, რაც იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ყოფნა არ ყოფნის საკითხებია ფაქტობრივად - ეს არის ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურა, ჩვენ პრაქტიკულად არ დაგვიტოვებია არც ერთი სოფელი უშუქოდ, არ დაგვიტოვებია მაღალმთიანი სოფლები, სადაც არ დავნიშნეთ ტრანსპორტი ბავშვების სკოლაში სატარებლად, არც ერთი მოსწავლე არ დაგვიტოვებია სახელმძღვანელოს გარეშე. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. რამდენადაც შეგვეძლო დავუდექით ხალხს გვერდში. ჩვენ თანამიმდევრულად და მტკიცედ მივდივართ წინ. ყველაზე მთავარი კი ის არის, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს და თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

მთავრობის მეთაურმა იმ მაშტაბურ პროექტზეც ისაუბრა რომლის მიხედვითაც მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია იწყება. „მართალია, გურულებმა ისედაც კარგად იცით, რა ხდება ქვეყანაზე, მაგრამ ინტერნეტი რომ შემოვა ყველა ოჯახში, კიდევ უკეთ გეცოდინებათ მსოფლიოს ამბები. ხუმრობა იქით იყოს, და ეს მართლაც ძალიან დიდი საქმეა, დიდი ხელშეწყობაა ჩვენი.

ყველაფერი ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი ხელისუფლება. ვაცნობიერებთ რამდენი პრობლემა არსებობს, ვაცნობიერებთ როგორ უჭირთ ადამიანებს დღეს, განსაკუთრებით რეგიონებში და რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი 4 წელი დაეთმობა სწორედ იმას, რომ სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ, რათა ყველა ადამიანმა იგრძნოს მეტი ცვლილებები, იგრძნოს მეტი შემოსავალი და იგრძნოს მეტი კეთილდღეობა ოჯახში. ამისთვის, ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა. გვყავს კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი“,-განაცხადა პრემიერმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე. ვიცე პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას მიმართა: "გურია იმედებისა და პერსპექტივების მხარეა. გურია 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების ავანგარდში იყო და თქვენი წილი დიდია თავისუფლების მოპოვებაში, ოქტომბერშიც ერთად ვივლით გამარჯვებისკენ",-აღნიშნა კახა კალაძემ.

პარტიის ლიდერებმა კანდიდატებს წარმატება და გამარჯვება უსურვეს: „დარწმუნებული ვარ, თითოეული კანდიდატი ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს გუნდს და თქვენი ინტერესების ერთგული დამცველი იქნება პარლამენტში. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ თავისუფალი საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის.ისინი იქნებიან შეუპოვრები გამარჯვებისთვის ბრძოლაში და ამით ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ თითოეულ მათგანს. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს კანდიდატებს ამ ბრძოლაში.

| Print |
FaceBook Twitter Google