პოლიტიკა
ძმები შენგელაიები გურჯაანში "ოცნების" კანდიდატს უპირისპირდებიან
ძმები, ელდარ და გიორგი შენგელაიები "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გურჯაანში დავით სონღულაშვილის წარდგენას ეხმაურებიან. 

მათ განცხადება "რეზონანსში" გაავრცელეს.

"დავით სონღულაშვილი, ახალგაზრდა კაცი, რომლის მამა იყო კახეთის გუბერნატორი შევარდნაძის, ბოლო დროის ყველაზე კორუმპირებული მთავრობის დროს. დავით სონღულაშვილის მამამ თავისი გუბერნატორობის დროს იყიდა ლაგოდეხის ნაკრძალის ნაწილი და ბევრი მიწები კახეთის სხვადასხვა რაიონებში. ალბათ ფულიც ბევრი იშოვა. თვითონ დავით სონღულაშვილმა მიიღო განათლება საზღვარგარეთ. კვირიკაშვილი ამისთანა შემთხვევებს განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას. იბადება შეკითხვა - რა ფულით ისწავლა სონღულაშვილმა საზღვარგარეთ, ალბათ მამამისის მითვისებული ხალხის ფულით. ჩვენის აზრით, პარლამენტში უნდა იყვნენ არა მარტო საზღვარგარეთ ნასწავლი ახალგაზრდები, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ჭაღარა ხალხიც (შეხედონ ინგლისის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების პარლამენტებს).  ჩვენ შევთავაზეთ კვირიკაშვილს, კალაძეს და გიორგაძეს აგრეთვე გურჯაანის რაიონიდან პარლამენტის მაჟორიტარულ კანდიდატად ელგუჯა გიორგაძე, რომელიც იყო 45 წლის განმავლობაში გურჯაანის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი და ახაშნის მეურნეობის დირექტორი. გიორგი შენგელაია კახი კალაძეს ესაუბრა ტელეფონით და სთხოვა, რომ გაესაუბრათ ამ კაცთან, მაგრამ მას არ დაუძახეს და არ გაესაუბრნენ. არ დაგავიწყდეთ, რომ გურჯაანი იგივე საანდრონიკოა, ანუ დედაჩემის ნატო ვაჩნაძე-ანდრონიკაშვილის მამული. ჩვენ, როგორც დედას მემკვიდრეებს, რაღაცა გვეკითხება გურჯაანში. ჩვენ ავაშენეთ ფაქტობრივად მანდ დედას მუზეუმი და ხევისუბანში, სადაც ეს მუზეუმი დგას, ალაზნიდან მოვიყვანეთ სასმელი წყალი",
– ნათქვამია შენგელაიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

speqtri.ge დავით სონღულაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.



| Print |
FaceBook Twitter Google