პოლიტიკა
შესაძლოა, ჩალაუბნისა და მელაანის კომისიის წევრებს 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისროთ [Photo]
არასამთავრობო ორგანიზაციამ, "სამართლიანი არჩევნები“, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 29 აგვისტოს, 17:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წინასარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ #35 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ანზორ დათუნაშვილი, მერი მესხიშვილი, ქეთევან დათუაშვილი. დავით სონღულაშვილს სამუშაო საათებში შეხვდა ასევე, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მელაანში გოჩა მესხიშვილი.

ამავე დღეს, 18:00 საათზე, სოფელ ჩალაუბანში, დავით სონღულაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას დაესწრნენ #34 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ზაალ საგინაშვილი და დიანა ნათიძე. როგორც speqtri.ge-მ გაარკვია, აღნიშნული ხუთივე პირი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერაა დანიშნული.

აღნიშნული შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა არასამთავრობო ორგანიზაციამ საოლქო კომისიას უკვე მიაწოდა.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის, მეოთხე პუნქტის თანახმად, კომისიის წევრს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ ზემოთ აღნიშნულ ორივე შემთხვევაში კომისიის წევრებმა კოდექსი დაარღვიეს.

"სამართლიანი არჩევნები“ ითხოვს, აღნიშნულ პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა საარჩევნო კოდექსის 79-ე და 93-ე მუხლებით, წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარევით მონაწილეობისთვის. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული ქმედება 2 000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google