პოლიტიკა
ღვინიაშვილი ხვალ აპირებს პარტიიდან წასვლას- გიორგი ბოტკოველი
ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხვალ დატოვებს. ახალ პარტიას "ევროპული საქართველო" ერქმევა.
პარტიაში მიმდინარე პროცესებს speqtri.ge-სთან „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) კახეთის რეგიონალური კოორდინატორი გიორგი ბოტკოველი აფასებს.

მისი ინფორმაციით, პარტიიდან ხვალ დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილიც წავა.

-„აქ არ არის გუნდზე საუბარი. ეს ახირებული ვიწრო ჯგუფია, რომელმაც მიზნად დაისახა თავიანთი ქმედებებით დაეზიანებინათ პარტია და გამიჯნულიყვნენ მიხეილ სააკაშვილისგან. ამას ვერ შევაფასებ, როგორც ენმ-ს პოზიციას. დამერწმუნეთ მათი წასვლა ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს პარტიას, არასასურველი შედეგი ნამდვილად არ დადგება. მათი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამით ენმ დაინგრევა, სრული აბსურდია. ბევრი წასულა, მაგრამ გვინახავს მათი პოლიტიკური კარიერა როგორ დასრულდა. გიორგი ღვინიაშვილის არჩევანი იყო ბოკერია-უგულავას გუნდის გვერდით დამდგარიყო. ეს არ არის გურჯაანის აქტივის პოზიცია. ღვინიაშვილი ხვალ აპირებს პარტიიდან წასვლას. მიბრძანდეს მათთან ერთად და გურჯაანის „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. მე მას წარმატებებს ვუსურვებ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც აირჩევს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ერთი გუნდი იყო და ასეც დარჩება. კახეთის ორგანიზაცია და მთელი საქართველოს აქტივი მხარს უჭერს, რომ 20 იანვარს ჩატარდეს ყრილობა 7 000 დელეგატის მონაწილეობით და დავსახოთ ჩვენი ბრძოლის სამომავლო გეგმები ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.“- განაცხადა მან.

Speqtri.ge თავად გიორგი ღვინიაშვილს დაუკავშირდა. ის ადასტურებს, რომ ბოკერია-უგულავას გუნდს წარმოადგენს, თუმცა დატოვებს თუ არა პარტიას მათთან ერთად, ამასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

| Print |
FaceBook Twitter Google