პოლიტიკა
ხვალ გურჯაანში ენმ-ს რეგიონული კონფერენცია გაიმართება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციას ხვალიდან ახალი თავმჯდომარე ეყოლება.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, თემურ ბუწაშვილის ინფორმაციით, პარტია მუშაობას აქტიურ რეჟიმში გეგმავს და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებასაც იწყებს. როგორც მან აღნიშნა, ორგანიზაცია რამდენიმე წევრმა დატოვა, მაგრამ გარკვეული ნაწილი ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება.
„2013 წლის მონაცემებით გურჯაანში 550 წევრი იყო. აქედან „ევროპული საქართველოს“ ხედვებს რამდენი იზიარებს და რამდენი არა ჯერ არ ვიცით. გარკვეული ბირთვი: თავმჯდომარე, აღმასრულებელი და სოფლის კოორდინატორების ნაწილი წავიდა. მათ გადაწყვიტეს ცალკე გააგრძელონ მოღვაწეობა. მომავალს რაც შეეხება, ვემზადებით არჩევნებისთვის. როგორც კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, ჩვენც ჩავებმებით. გავაგრძელებთ აქტიურობას იმისთვის, რომ თვითმმართველობის ორგანო, საკრებულო კონკრეტულად ჩვენ დავაკომპლექტოთ. ყოველ შემთხვევაში, ამისი მცდელობა იქნება. 12-13 წელი აქტიურ პოლიტიკაში ვართ და უბრძოლველად არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანი უცვლელია.“

თეიმურაზ ბუწაშვილის თქმით, ხვალ ორ საათზე მუსიკალური სკოლის დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება, სადაც თავმჯდომარეებს აირჩევენ. როგორც მან განმარტა, გურჯაანში ამ წუთისთვის ერთადერთი კანდიდატი თვითონ არის, მაგრამ კონფერენციის დაწყებამდე პარტიის ნებისმიერ წევრს შესაძლებლობა ექნება, განაცხადი შეიტანოს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ენმ / გურჯაანი /