ვიდეო
ტრენინგი-საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებისთვის [Photo-Video]
ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ ახორციელებს პროექტს „საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა-თვითმმართველობის ლეგიტიმური არჩევნებისთვის“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითრების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
პროექტში ჩართულია 24 პარტიის 120 წარმომადგენელი, რომლებიც ხუთ ჯგუფად არიან გადანაწილებული. მათ ტრენინგ-სემინარებს კვალიფიციური ტრენერები უტარებენ.
კოორდინატორის ნატალია ბარბაქაძის განმარტებით, ლექციების ციკლი მოიცავს როგორც თეორიულ კურსს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

„სემინარებს უძღვებიან საკმაოდ კვალიფიციური ტრენერები: ნანა იოსელიანი, რევაზ ეგაძე და მამუკა კორაშვილი. ვფიქრობ, აქ მიღებულ ცოდნას პოლიტიკური პარტიები 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საკმაოდ წარმატებით გამოიყენებენ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, კომისიაში ან დამკვირვებლად კვალიფიციური კადრი წარადგინონ. სემინარში მონაწილეობენ როგორც ახალბედა, ისე საარჩევნო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.“

ტრენერის მამუკა კორაშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ცოდნის ამაღლების გარდა, პროექტს უფრო ფართო მიზნები გააჩნია.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოს მასშტაბით კანონმდებლობის ერთგვაროვნად გამოყენებაზეა პასუხისმგებელი. ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად, საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ ცესკომ ჩაუტაროს ტრენინგები თავის ქვემდებარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს. არჩევნები არ არის მარტო მათ მიერ ორგანიზებული, აქ ჩართულია პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი. ეს ტრენინგები აუცილებელია კანონის გარკვეული პუნქტების უკეთესად აღქმისთვის და მისი შესრულებისთვის.“

ტრენერებისა და კოორდინატორების გარდა, სემინარს დადებითად აფასებენ თავად ტრენინგის მონაწილეები. როგორც ისინი ამბობენ, ამ ხუთი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცოდნა შეიძინეს.

„ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო. ბევრი ჩემთვის ბუნდოვანი საკითხი აქ მიღებული ცოდნით, უფრო ნათელი გახდა, რომელსაც წარმატებით გამოვიყენებ მომდევნო საქმიანობაში. ჩემს გამოცდილებას სხვებსაც აუცილებლად გავუზიარებ და მომავალშიც სიამოვნებით ვითანამშრომლებ ყველა ორგანიზაციასთან, რომელიც მსგავსი ტიპის შეხვედრებს ჩაატარებს,“-აღნიშნა პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა ლალი კუდაშვილმა.

როგორც ტრენინგის მონაწილეები ამბობენ, თუკი მომდევნო არჩევნების წინ კვლავაც გამოცხადდება მსგავსი პროექტები, ეს დადებითად წაადგება პოლიტიკოსების ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისად, საარჩევნო გარემოს.


| Print |
FaceBook Twitter Google