არჩევნები 2017
"მანქანის საყიდლად წავედი“- რატომ არ იმყოფებოდნენ კომისიის წევრები კაბლის საარჩევნო უბანზე
სადამკვირვებლო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრის” წარმომადგენელმა ვლადიმერ შუბითიძემ #15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ კაბლის #36 საარჩევნო უბანზე 15:53 საათზე მივიდა, შენობა ღია იყო, თუმცა კომისიის არც ერთი წევრი იქ არ იმყოფებოდა.

ვლადიმერ შუბითიძემ საარჩევნო ადმინისტრაციისგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.

აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით, #36 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ სავალან ალიევმა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შემდეგი ახნა-განმარტებით მიმართა- „მოგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს ნამდვილად არ ვიმყოფებოდი საარჩევნო უბანზე პირადი პრობლემის გამო, კერძოდ, გამიფუჭდა მანქანა და წავედი თბილისში ახალი მანქანის საყიდლად.“

საარჩევნო ადმინისტრაციამ "დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრის” განცხადება განიხილა და №36 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომა- შენიშვნა გამოუცხადა.

Speqtri.ge ვლადიმერ შუბითიძეს დაუკავშირდა, როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება მისთვის სავსებით მისაღებია.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;
დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).



| Print |
FaceBook Twitter Google