არჩევნები 2017
გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს
"ნაციონალური მოძრაობის" თელავის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი ადგილობრივ ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში სდებს ბრალს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მან წარმოადგინა ვიდეომასალა, რომელშიც, მისი განცხადებით, ასახულია თუ როგორ იკრიბებიან სოფელ რუისპირის №28-ე უბანზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საღამოს ექვსი საათის შემდეგ.

,,ჩვენ დღეს გავასაჯაროვეთ ფაქტი, სადაც ჩანს თუ როგორ არის ჩართული ადმინისტრაციული რესურსი და სრულად მობილიზებულია არჩევნების გაყალბების პროცესში. ეს არის უკვე წინასწარ გაყალბებული არჩევნები, როცა ღამის 8 საათზე სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი, გამგეობის თანამშრომლები და არაერთი საჯარო მოხელე შეკრებილია საუბნო საარჩევნო კომისიაში, სადაც 6 საათზე დაკეტილი უნდა იყოს კარი. ეს არ არის მარტო ერთი ფაქტი, რითიც ხელისუფლება ცდილობს, არჩევნები გააყალბოს. ასევე გაბერილია გადასატანი ყუთის სიები."- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

"ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი ბენო გეგეჭკორი კი ბოტკოველის ბრალდებას "ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს" უწიდებს.

,,საღამოს 8 სათზე აბსოლუტურად ყველას შეუძლია იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში და ამაში არანაირი დარღვევა არ არსებობს, და ასევე, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე, რომელზეც საუბარია, ეს არის ღია ტიპის დაწესებულება, ეს არის სოფლის კლუბი, რომლის ფოიეშიც განთავსებულია საჯაროდ გამოკრული ამომრჩეველთა სიები, რომლის ნახვაც ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საათზე შეუძლია და არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს. რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების ბრიფინგს, კატასტროფისა და აპოკალიფსის დაანონსებას, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი და მეტი არაფერი."- აღნიშნა გეგეჭკორმა.

გიორგი ბოტკოველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.



| Print |
FaceBook Twitter Google