არჩევნები 2017
რა აკრძალვები მოქმედებს არჩევნების დღეს
”საარჩევნო კოდექსის” თანახმად, კენჭისყრის დღეს, უშუალოდ კენჭისყრის შენობაში, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. დაუშვებელია ასევე საარჩევნო სუბიექტის მიერ საკუთარი წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა.
აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, ასევე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.

გარდა ამისა, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ ფოტო-ვიდეოგადაღება აწარმოონ.

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არ არის.

ცენტრალური საარჩევნო კომისია, მოუწოდებს როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, არ გამოცხადდნენ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით უბანზე. აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს ფულადი ჯარიმის საფუძველი.

ცესკო-ს ცნობითვე, საქართველოს მასშტაბით 3 644 (მათ შორის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად.

| Print |
FaceBook Twitter Google