პოლიტიკა
რატომ არ დაუჭირეს მხარი “ოცნების“ დეპუტატებმა კახეთიდან "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის" დანაშაულებრივად გამოცხადებას
"პატრიოტთა ალიანსის" რეზოლუციას, რომელიც "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის" ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობდა, კახეთის ექვსი მაჟორიტარი დეპუტატიდან მხარი მხოლოდ ერთმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა ირაკლი შიოლაშვილმა დაუჭირა.
სხდომას მის გარდა რეგიონიდან კიდევ ოთხი დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა მათ საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, სესიაზე არ იმყოფებოდა თელავისა ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი.  

-"დიახ, კახეთის მაჟორტარი დეპუტატებიდან მხოლოდ მე დავუჭირე მხარი ამ საკითხს, ეს განპირობებული იყო შინაგანი რწმენიდან და ჩემი ამომრჩევლის განწყობიდან."-განუცხადა speqtri.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა.

რატომ არ დაუჭირეს დეპუტატებმა მხარი აღნიშნულ რეზოლუციას - ეს კითხვა კახეთის მაჟორიტარ დეპუტებს დავუსვით.

გელა სამხარაული - ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი -  მივიჩნევ, რომ "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმი" იყო ძალადობრივი. სწორედ ამ პროტესტის შედეგად ვარ პარლამენტში. ტექსტში გარკვეული ხარვეზები იყო და ამაზე განმარტებაც გაკეთდა პარლამენტის თავმჯდომარის მხირდან. ვფირობთ, ჩვენი გუნდი იმუშავებს აღნიშნულ საკითხზე და შემდეგში გვექნება განხილვა. გარკვეულ ფორმულირებას არ ვეთანხმებით, ჩვენი გუნდი ცალკე გავაკეთებთ შეხვედრას და განცხადებას."

რომან მუჩიაშვილი - საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი - მივიჩნევ, რომ ის რეჟიმი ძალადობრივი იყო, უბრალოდ აღნიშნული რეზოლუციის შინაარსის მსგავსი რეზოლუცია მიიღო წინა მოწვევის პარლამენტმა. მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ კიდევ ახალი რეზოლუცია უნდა დაგვემტკიცებინა."

დავით სონღულაშვილი - გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი - ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება, ტექსტი არ იყო შეთანხმებული და ჩვენთან განხილული. ესაა მიზეზი, რის გამოც არ დავუჭირე მხარი, თორემ რეჟიმი რომ ძალადობრივი იყო, ამას კი არ შეეწინააღმდეგა ვინმე.


გურამ მაჭარაშვილი - ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი - ის, რომ "სააკაშვილი-ბოკერიას" რეჟიმი ძალადობრივი და დანაშაულებრივი იყო, მსგავსი დადგენილება საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტს უკვე მიღებული აქვს. საქმის კურსში არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ამის კიდევ ერთხელ დამტკიცება არ იყო აუცილებელი. თუმცა რა თქმა უნდა, პათოსს  ვიზიარებთ

დაუჭერდა თუ არა მხარს რეზოლუციას სხდომას რომ დასწრებოდა? - ეს კითხვა  ირაკლი სესიაშვილისთვის უნდა დაგვესვა. თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ცნობისთვის, პროექტი, რომელიც პარლამენტში გუშინ განიხილეს პარტია "პატრიოტა ალიანსმა მოამზადა. დოკუმენტს მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც რეზოლუციის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. საკითხის წინააღმდეგ კი 16 წავიდა.





| Print |
FaceBook Twitter Google