პოლიტიკა
„არ არსებობს უმნიშვნელო შეჭრა“- უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ქმედებებზე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე გაავრცელა განცხადება და დიდ სახელმწიფოებს შეახსენა, რომ არ არსებობს „უმნიშვნელო შეჭრა“ და „პატარა ხალხი“, ისევე, როგორც პატარა მსხვერპლი.

ზელენსკის ამგვარი პოსტი მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელშიც ის ამბობდა, რომ რუსეთის ქმედებებზე პასუხის მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს კრემლი. ბაიდენის თქმით, „თუ მისი (რუსეთის) ჩარევა უმნიშვნელო იქნება, საპასუხო ზომებზე შესაძლოა, იკამათონ, მაგრამ უკრაინაში სამხედრო ძალით შეჭრა რუსეთს ძვირად დაუჯდება და ეს მისთვის კატასტროფა იქნება“.

20 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი რეალურია.

ბლინკენმა განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის უკრაინაში „უმნიშვნელო შეჭრაში“ გულისხმობდა იმას, რომ იგი გამორიცხავდა უკრაინაში რუსი სამხედროების შეჭრას, თუმცა რუსეთის ფედერაცია სხვა გზებით, მათ შორის, ჰიბრიდული საშუალებებითა და სპეცდანიშნულების ძალებით, შეეცდება მიზნის მიღწევას.

ბლინკენის თქმით, უკრაინაში ერთი რუსი სამხედროს შესვლაც კი ამ სახელმწიფოზე თავდასხმას ნიშნავს, რაც სერიოზული პრობლემაა მსოფლიო პოლიტიკაში.
| Print |
FaceBook Twitter Google