პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

20 იანვარს, შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და პოზიტიურ დინამიკაზე ორმხრივ ურთიერთობებში.

მხარეებმა ძირითადად განიხილეს თურქეთის ბაზრის გახსნა და მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლების შემოტანა, რაც მნიშვნელოვნად, სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.

ხაზი გაესვა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია, რაც თავის მხრივ ქვეყნებისთვის მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის მომტანია.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური რეგიონული თანამშრომლობა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების გზაა.
გამოითქვა მზაობა, თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომავალ სხდომას. აგრეთვე, საუბარი შეეხო სამომავლო ნაბიჯებს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების გზაზე უნდა გადაიდგას.

აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიის გამოწვევების დაძლევის კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივ ძალისხმევას და გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის წინააღმდეგ საქართველოსა და თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობა კვლავ დღის წესრიგში დარჩება.

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ელჩის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google