პოლიტიკა
საქართველოს საელჩო უკრაინაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს.

„საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან.

უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასულები არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17

ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.

როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის,“-ვკითხულობთ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინას რუსი დიპლომატებიც ტოვებენ. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსული მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„უკრაინის მოქალაქეები ამბობენ, რომ უკრაინაში მყოფმა რუსმა დიპლომატებმა და საკონსულოს თანამშრომლებმა დაიწყეს რუსეთში გამგზავრება. ამას ადასტურებს, საკონსულოსა და საელჩოში მიღებაზე ჩაწერის სირთულეები“, - ვკითხულობთ სატატიაში.

ბოლო თვეების მანძილზე სიტუაცია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაძაბული რჩება. საზღვართან კვლავ მობილიზებულია რუსეთის ჯარი, რომელიც, კრემლის თქმით, მასიურ სამხედრო წვრთნებს გადის, თუმცა დასავლეთი კვლავ დარწმუნებულია იმაში, რომ ეს უკრაინაში შეჭრისთვის მზადებაა და შესაძლოა, რუსეთი ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში.

ამასთან, რუსეთის ძირითადი მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება. ვლადიმირ პუტინმა ეს საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრის დროსაც კიდევ ერთხელ გააჟღერა.
კერძოდ, ნატომ უარი უნდა თქვას უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღებაზე და აღმოსავლეთით გაფართოებაზე.


| Print |
FaceBook Twitter Google