პოლიტიკა
რუსეთი მასობრივად უტევს უკრაინას
უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. სახელმწიფოს სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით, დილის 5 საათიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს, 05:00 საათზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფებს ქვეყნის აღმოსავლეთში ცეცხლი გაუხსნეს.

რაკეტებით ბორისპოლის, ოზერნის, კრამატორსკის, კიდევ რამდენიმე აეროდრომი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტები დაბომბეს.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, აგრესორმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ საარტილერიო იერიში დასახლებულ პუნქტებზეც მიიტანა.

24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
აფეთქებების ხმა უკრაინის დედაქალაქ კიევშიც დილიდან გაისმა. მოსახლეობას სახლებში დარჩენა და მოულოდნელი ევაკუაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდეს. ბავშვები ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google