პოლიტიკა
რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტი
ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმეს. პაკეტი რუსეთის ეკონომიკის ხუთ სფეროს მოიცავს-ფინანსები და ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტი, საექსპორტო კონტროლი და ტექნოლოგიები, სავიზო პოლიტიკა და ა.შ. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინული მედია „ukrinform”-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამის შესახებ, 25 თებერვალს, ბრიუსელში გამართულ ევროსაბჭოს საგანგებო სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„კრემლს პასუხისმგებლობის წინაშე დავაყენებთ. მასობრივი და მიზანმიმართული სანქციების პაკეტი, რომელიც დღეს ღამით ევროპელმა ლიდერებმა შეიმუშავეს, უდიდეს დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ელიტებს. ეს პაკეტი შედგება ხუთი მიმართულებისგან: ფინანსური სექტორი, ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტი, საექსპორტო კონტროლი, ექსპორტის დაფინანსება და სავიზო პოლიტიკა“,-განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ 24 თებერვალი ევროპისთვის ჭეშმარიტების დანახვის მომენტი გახდა.

„ახლა ბომბები ცვივა უდანაშაულო ქალებზე, კაცებსა და ბავშვებზე. მათ ეშინიათ, ბევრი მათგანი იღუპება. ყველაფერი ეს ხდება 2022 წელს, ევროპის შუაგულში. პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია ევროპაში ომის დაბრუნების გზა. ეს არის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი მშვიდობის გარანტირების წესრიგს... დღეს ევროპელი ლიდერები იყვნენ ერთიანნი ამ საზარელი და არაპროვოცირებული შეტევების განსჯისას“,-ხაზი გაუსვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან განმარტა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის გარკვეული მიმართულებები.

კერძოდ, პირველი მიმართულება-ფინანსური სანქციები,-უზღუდავს რუსეთს წვდომას მნიშვნელოვანი კაპიტალის ბაზრებთან. ეს მოიცავს რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-ს, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, მათ შორის, თავდაცვით კომპანიებს. ეს ყველაფერი ბევრად გაზრდის რუსეთის ვალების გადასახადს, გაზრდის ინფლაციას და ნელ-ნელა „ჩამორეცხავს“ რუსეთის სამრეწველო ბაზას.

ევროკავშირმა ფინანსური სანქციები ასევე მიმართა რუსული „ელიტის“ წინააღმდეგაც და დაბლოკა მათი დეპოზიტები, რათა მათ მომავალში ვეღარ შეძლონ საკუთარი ქონების შენახვა ევროპის საცავებში.

სანქციების მეორე მიმართულება ეხება ენერგეტიკულ სექტორს.

„ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ეკონომიკის სფერო, მითუმეტეს, მომგებიანი რუსეთისთვის. ჩვენი აკრძალვა ექსპორტზე დიდ დარტყმას მიაყენებს ნავთობის მრეწველობას, რამდენადაც რუსეთისთვის შეუძლებელს გახდის ნავთობგადამუშავებას, რომელის ექსპორტმაც რუსეთს, მხოლოდ 2019 წელს, 24 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა“,- ამბობს ფონ დერ ლაიენი.

მესამე მიმართულება, მისი თქმით,-ეს არის თვითმფრინავების ყველა სამარაგო ნაწილებისა და აღჭურვილობის გაყიდვის აკრძალვა რუსული ავიაკომპანიებისთვის. ეს გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის დეგრადაციასა და აისახება ქვეყნის შიგნით სატრანსპორტო კომუნიკაციებზე. რუსეთის კომერციული საჰაერო ფლოტის 3/4 ნაწილი აშენებულა ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაში, ამიტომ რუსული კომპანიები სიღრმისეულად დამოკიდებულია ამგვარ მიწოდებებზე.

მეოთხე პუნქტი-რუსეთისთვის საკვანძო ტექნოლოგიებზე წვდომა, აუცილებელია იმისთვის, რათა, თუნდაც, ნახევარგამტარებისა ან ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების სფეროში განვითარდეს.

მეხუთე პუნქტი- სავიზო პოლიტიკა. რუს დიპლომატებსა და ბიზნეს-ჯგუფებს უახლოეს მომავალში არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე.

„როგორც ყოველთვის, ყველა ეს ზომა მჭიდროდ კოორდინირებულია ჩვენს ახლო პარტნიორებთან და მოკავშირეებთან-ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, კანადასა და ნორვეგიასთან, რომლებსაც ახლა შეურთდნენ სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია. ჩვენი ერთობა არის ჩვენი ძალა. კრემლმა ამის შესახებ იცის და გააკეთა ყველაფერი, რათა დაგვაშოროს, მაგრამ მას გეგმა ჩაუვარდა, მიაღწია სრულიად საპირისპირო შედეგს. ჩვენ მეტად გავერთიანდით, ვიდრე ოდესმე და ჩვენ ვართ თავდაჯერებულები“,-თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„ეს მოვლენები, მართლაც, ახალი ეპოქის დასაწყისია. ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად მკაფიოები ჩვენს დასკვნებში-პუტინი ცდილობს დაიმორჩილოს მეგობრული ევროპული სახელმწიფო. იგი ძალით ცდილობს ევროპის რუკის გადახაზვას. მან უნდა განიცადოს წარუმატებლობა და ის ამას განიცდის“,-დაამატა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
| Print |
FaceBook Twitter Google