პოლიტიკა
პრემიერი - საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
აღნიშნული განცხადება პრემიერმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან გააკეთა.

„საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან, აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით,“ -განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, - აპირებს თუ არა ის უკრაინაში ჩავიდეს, პრემიერმა თქვა, რომ „უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის, არაფრისმომცემი არ არის“.

ჟურნალისტებმა მას შეახსენეს, რომ 2008 წლის დროს, უკრაინის ლიდერები საქართველოში იმყოფებოდნენ. 

„სოლიდარობა ჩვენ, როგორც შეგვიძლია, გამოვხატეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ დახურული არის საჰაერო სივრცე. არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერები ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია“.
| Print |
FaceBook Twitter Google