პოლიტიკა
ოკუპანტებს ჩვენი ეშინიათ-უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსი დამპყრობლები დემორალიზირებულები არიან და დიდი დანაკარგი აქვთ.

ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი განცხადებას თავის ფეიბუქ გვერდზე ავრცელებს.

რუსმა ჯარისკაცებმა შეტევის ტემპი შეანელეს, თუმცა მაინც ცდილობენ, უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციის განხორციელებაში ცალკეული მიმართულებებით  წარმატების მიღწევას .

„საჰაერო შეტევის დროს მოწინააღმდეგე განაგრძობდა შეტევას სამხედრო და სამოქალაქო აეროდრომებზე, სამეთაურო პუნქტებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემის ობიეტებზე, ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან, კრიტიკულ ობიექტებზე, დასახლებულ პუნქტებსა და ქვედანაყოფებზე თავდაცვის ზონებში“,-ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, დამპყრობლებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა საცხოვრებელ კორპუსებზე ქალაქ ჟიტომირსა და ჩერნიგოვში, თუმცა რუსი დამპყრობლების ყველა მცდელობა სამხედრო ოპერაციის მიზნის მისაღწევად წარუმატებელია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების თავდასხმების წარმატებით მოგერიება გარეუბანშიც კი, რაც აიძულებს მტერს შეტევაზე უარი თქვას. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ერთი უკრაინული ბრიგადის საარტილერიო ცეცხლით, მტრის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის 5-ზე მეტი კოლონაა განადგურებული.

„მოწინააღმდეგე დემორალიზებულია და დიდი დანაკარგები აქვს. დაფიქსირდა დეზერტირებისა და დაუმორჩილებლობის ხშირი შემთხვევები. მტერი მიხვდა, რომ პროპაგანდა და რეალობა განსხვავებულია. ოკუპანტებს ჩვენი ეშინიათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის დამცველებს კვლავ მტკიცე პოზიცია უკავიათ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ომი / უკრაინა /