პოლიტიკა
რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე - პაატა ზაქარეიშვილი
პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც.

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აღიარეს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები, მეგონა, რომ რუსული პოლიტიკა რაიმე ლოგიკას მიჰყვებოდა, მაგრამ როდესაც გამოაცხადეს მათი დამოუკიდებლობა, შემდეგ დაბომბეს და შევიდნენ კიევში, მივხვდი, რომ პუტინი საერთოდ არაადეკვატურია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. სამწუხაროდ, დღეს მე არ ვარ მზად, ვაღიარო, რომ პუტინის გონიერებისა და ადეკვატურობის იმედი მაქვს. ის აბსოლუტურად არაადეკვატური ადამიანია. ამიტომ, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი,“-ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე შეფასებით, პუტინის ამ არაპროგნოზირებად საქციელს რუსეთის საბოლოო განადგურება მოჰყვება.

„ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის, მაგრამ პირველ რიგში, რუსეთისთვის. იგი უნდა ხვდებოდეს, რომ ეს იქნება მისი ქვეყნის განადგურება, რადგან მთელი მსოფლიოს ბირთვული არსენალი წავა რუსეთის წინააღმდეგ. ის ვერ შეძლებს ამისგან თავდაცვას. ამიტომ მცირედ იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთი მხოლოდ აშანტაჟებს მსოფლიოს და ის ამ ნაბიჯს არ და ვერ გადადგამს.

რუსეთი უკვე აკონტროლებს ჩერნობილის სადგურს. მათი თქმით, იმიტომ დაიკავა ეს ობიექტი, რომ იქ ავარია არ მოხდეს. თუმცა, სრულიად ალოგიკურია, რომ უკრაინამ ასეთი ნაბიჯი გადადგას, რადგან ამით თავის თავს დააზარალებს, ამას არავინ დაიჯერებს.

თუ რუსეთს გაუჭირდა, შეიძლება ააფეთქოს სადგური და უკრაინელებს გადააბრალოს. თუმცა, ეს გამოწვევა იქნება მისი მოკავშირე ბელორუსიისთვის.

რუსეთის მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს მის წინააღმდეგ ბრძოლას, ამიტომ იმედი მაქვს, რომ პუტინის თავში თუ არა, ოფიცრების თავებში მაინც იქნება იმდენი გონივრულობა, რომ არ განახორციელონ ეს ბოდვითი და ამორალური ბრძანება. ვერ გეტყვით, რომ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არ მოხდება“-განმარტავს ზაქარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა, რაც სპეციალისტების აზრით, შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენებასაც გულოსხმობდეს.
| Print |
FaceBook Twitter Google