პოლიტიკა
პუტინის ნათლიმამა უკრაინიდან გაქცევას ცდილობდა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროდ შენიღბული უკრაინიდან გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 12 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების შესახებ.

უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის განცხადებით, უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს „ელვისებური და მრავალდონიანი სპეცოპერაცია“. ბაკანოვს მედვედჩუკის დაკავების ადგილი არ დაუსახელებია.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, „დიდი რაოდენობით ფეიკების“ გავრცელების გამო, მედვეჩუკის ფოტო გადასამოწმებელია.

უკრაინის გენერალური პროკურატურა პრორუსული ორიენტაციის მედვედჩუკს ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ცინიკურია, რომ მედვედჩუკმა გასაქცევად გამოიყენა „სამხედრო კამუფლაჟი“ და რადგან მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, საომარი მდგომარეობის წესების ქვეშ მოექცევა. ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა „მათი ბიჭის“ გაცვლა უკრაინელ ტყვეებში.


ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკის ქალიშვილის ნათილიაა. იგი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა.



2021 წლის მაისიდან, ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა 24-საათიანი შინაპატიმრობა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

| Print |
FaceBook Twitter Google