პოლიტიკა
რუსეთის სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.

უწყების ცნობით, ხომალდი მას შემდეგ ჩაიძირა, რაც ხანძრითა და საბრძოლო მასალის დეტონაციით დაზიანებული ხომალდის კორპუსმა ვერ გაუძლო ბუქსირით დანიშნულების ადგილისკენ გადაყვანას.
მანამდე უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მოსკვას“ უკრაინის „ნეპტუნის“ ტიპის ორი რაკეტა მოხვდა.

14 აპრილს რუსეთის ამ ხომალდის ძლიერ დაზიანებისა და ჩაძირვის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა გაავრცელა.

რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ გემის ბორტზე ხანძარი ტყვია-წამლის აფეთქებამ გამოიწვია.
კრემლი ირწმუნებოდა, რომ ეკიპაჟი, რომლის სრული რაოდენობა 500-ს აღემატება, ევაკუირებულია სხვა გემებზე, ხოლო გემს ჩაძირვა არ ემუქრებოდა.

ცნობისთვის, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ რუსეთის სიდიდით მესამე ხომალდია, რომელიც მონაწილეობას იღებდა კუნძულ ზმეინის დაკავებაშიც, რა დროსაც, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დანებებისკენ მოწოდების საპასუხოდ რუსულ ხომალდს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“
| Print |
FaceBook Twitter Google