პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
19 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის სხდომა გაიმართა. სხდომაზე საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის პარლამენტი) თავჯდომარე, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

უწყების თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა რეგიონის მნიშვნელოვან სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებსა და აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის სხდომები ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „სხდომების განახლება რეგიონული პროექტებისა და ფორმატების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის საკვანძო ფაქტორია, რაც თავის მხრივ რეგიონის მიმზიდველობას გაზრდის“.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, როგორიცაა: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი; „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენი; „ტრანს-ანტალიის“ მილსადენი (TANAP) და „ტრანსადრიატიკული მილსადენი“ (TAP).

შეხვედრაზე ითქვა, რომ ზემოაღნიშნული პროექტების შემდგომი განვითარება აუცილებელია, „რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დასავლეთთან კავშირის უზრუნველყოფის მიზნით“.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

უწყების ცნობითვე, შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ასევე ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებზე.

აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მხარეებმა ასევე განიხილეს „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ . ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“.

შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზეც ისაუბრეს.






















| Print |
FaceBook Twitter Google