პოლიტიკა
საქართველომ ევროკავშირის წარმომადგენლობას შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი გადასცა.

ინფორმაციას აღნიშულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

„მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.



ევროკავშირის ელჩისთვის შევსებული კითხვარის გადაცემას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ეხმაურება და საქართველოს მოქალაქეებს ამ მნიშვნელოვან მოვლენას ულოცავს.

„დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი. გილოცავთ!“- წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.
კითხვარის გადაცემისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას განაგრძობს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კითხვარის მეორე ნაწილი 33 თავისგან შედგება და 2300-მდე კითხვას აერთიანებს.

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ.

შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა, საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და მთავრობას ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით მომზადებული პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ.

განაცხადს 30 ორგანიზაცია აწერს ხელს.

| Print |
FaceBook Twitter Google