პოლიტიკა
როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ყავდეს ისეთი ოლიგარქი როგორიც ივანიშვილია - მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს მმართველ პარტიაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაზე საუბრობს.

მიხაილო პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ უკრაინა და უკრაინელები ნამდვილად გრძნობენ ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და გვერდში დგომას, თუმცა მისთვის " უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია".

„ქართველი ხალხისგან დიახ, ვგრძნობთ ნამდვილად მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია. ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები, ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც აქვს რეალურად ხალხს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან,“-ამბობს პოდოლიაკი ინტერვიუში.

ბრალდებას, რომ მიხაილო პოდოლიაკს სურს მეორე ფრონტის გახსნა და რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩაბმა, რის შესახებაც საქართველოში არაერთი განცხადება გაკეთდა, იგი შემდეგნაირად პასუხობს:

„უყურეთ, ნათელი და გასაგები რომ იყოს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, არსებობს ქვეყანა, არსებობს მისი სუვერენიტეტი, არსებობს მისი თავისუფლება. თუ ქვეყანა ოკუპირებულია, მან თავი უნდა დაიცვას. ეს იმის მიუხედავად, უკრაინაზეა საუბარი, საქართველოზე თუ სხვა რომელიმე ქვეყანაზე.

უკრაინა ნაწილობრივ ოკუპირებულია, ჩვენ ვიცავთ თავს. შეუძლია თუ არა საქართველოს დაიცვას თავი? შეუძლია, სურს თუ არა? ეს მისი არჩევანის უფლებაა. ეს არის ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების არჩევანი.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ რჩევა საქართველოს მთავრობას, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ჩვენ ამოვდივართ, მხოლოდ იქიდან, რომ არსებობს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ექსპანსიურია და ყიდის მხოლოდ სხვისი ტერიტორიის მითვისების იდეას, ამიტომ ასეთ ქვეყანასთან მეგობრობა, მისი პოზიციის მხარდაჭერა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო მის წინააღმდეგაა (ცალკეული სპეციფიური რეჟიმების გამოკლებით), უცნაურად გამოიყურება, რბილად რომ ვთქვათ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ქვეყნის მესამედი ოკუპირებულია,“ - ამბობს პოდოლიაკი.

ის ქართველი ხალხის არჩევანზე საუბრისას, ალოგიკურობას უსვამს ხაზს.

„გვინდა, რომ რამე ლოგიკა დავინახოთ. თუ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. არ შეგვიძლია ეს გავკიცხოთ ან წავახალისოთ. ჩვენ უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენთ. საკუთარი თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა იბრძოლო. შეხედეთ უკრაინას. დიდ ფასს ვიხდით ჩვენი ბიჭების სიცოცხლით, თუმცა უკრაინაში არავინ ფიქრობს, რომ უფლება უნდა მივცეთ რუსეთის ფედერაციას, ითარეშოს ევროპაში,“-განაცხადა პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობა ცრუ ბრალდებას უწოდებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომ რუსეთი ცდილობს, სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ.

საქართველოს მმართველმა პარტიამ უკვე არაერთხელ მოითხოვა, რომ უკრაინამ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინოს. პოდოლიაკმა ამ საკითხზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვესმის, ეს საერთაშორისო პოლიტიკაა და აქ საქმე ბევრად უფრო ფაქიზადაა. ერთია ზოგადი განცხადება და მეორეა იურიდიულად დამტკიცებული პრეტენზიები. როდესაც გავიგებთ, რომ სანქციებზე გვერდის ასავლელად, საქართველოსა და რუსეთს შორის საქმე უკვე საუბრიდან კონკრეტულ იურიდიულ ჩრდილოვან ურთიერთობებში გადადის, მაშინ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ თუ გვექნება დოკუმენტების პაკეტი იურიდიული დადასტურებებით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ასეთი გვერდის ავლის მანევრები ხორციელდება,“-ამბობს პოდოლიაკი.



| Print |
FaceBook Twitter Google