პოლიტიკა
ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდასაჭერად „ლენდ-ლიზის“ დოკუმენტს ხელი მოაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დემოკრატიის დასაცავად „ლენდ-ლიზის“ 2022 წლის კანონს ხელი მოაწერა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით Ukrinform-ი ავრცელებს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ხელის მოწერის ცერემონიალი თეთრ სახლში, 9 მაისს შედგა.

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ მიიღო. სენატმა დოკუმენტს მხარი 6 აპრილს ერთხმად დაუჭირა, ხოლო 28 აპრილს წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა მისაღებ ზომებს.

დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს ნებას რთავს, გამოიყენოს ლენდ-ლიზის სამხედრო პროგრამა, რათა დააჩქაროს უკრაინისთვის იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის, მედიცინის, საკვებისა და სხვა აუცილებელი რესურსის მიწოდება. ეს გულისხმობს იმას, რომ უკრაინას ღირებულების გადახადა მოგვიანებით შეეძლება.

ცნობისთვის, ლენდ-ლიზის სამხედრო პროგრამა პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. კერძოდ, პროგრამა აშშ-ებს შესაძლებლობას აძლევდა, რომ სწრაფად მიეწოდებინა იარაღი მოკავშირეებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის ნაბიჯს ისტორიულს უწოდებს და მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს.

„მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. "ლენდ-ლიზის" შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ", - წერს ზელენსკი "ტვიტერზე".
| Print |
FaceBook Twitter Google