პოლიტიკა
ჩვენი დიასპორა არის ჩვენი წარმომადგენელი მსოფლიოში - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში ქვეყნის დიასპორის წარმომადგენლები უნდა იყვნენ.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, დიასპორის დღის ღონისძიებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთვის[დიასპორისთვის] მნიშვნელოვანია, გამარტივდეს მოქალაქეობის მიღების საკითხი, რათა შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი დიასპორა არის ჩვენი წარმომადგენელი მსოფლიოში, ამისთვის ერთი რამ არის საჭირო, ის კავშირი, რომელიც არსებობს დიასპორასა და ქვეყანას შორის, არ იყოს გაწყვეტილი და გაძლიერდეს. ამას ჩვენი მხრიდან ბევრი რამ სჭირდება. ორმაგი მოქალაქეობის საკითხი უნდა გამარტივდეს და მნიშვნელოვანია, შეფერხებები შემცირდეს...

ქვეყნის ინტერესია, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც სურთ, რომ ჰქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა, შეძლონ ამის მიღწევა, შვილებისთვის. მეორე, რაც საჭიროა, ეს კავშირი უნდა იყოს ცოცხალი, აუცილებელია მათი ჩართულობა პოლიტიკაში. ამას სჭირდება ერთი რამ, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში...

სადამდე უნდა იყოს ისე, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს მხოლოდ ათასობით ადამიანი. დღეს არსებობს არჩევნებში მონაწილეობის მიღების ელექტრონული საშუალებები ჩვენს ქვეყანაში, ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და ალბათ, დროა, გადავიდეთ ამ საშუალებების გამოყენებაზე, რომ მივცეთ უცხოეთში მყოფ ქართველებს საშუალება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

არ არის აუცილებელი, გაიხსნას უამრავი საარჩევნო კომისია, თავისი ყველა პრობლემით. თან როცა არ ცხოვრობ ისე ახლოს რომელიმე ქვეყანაში, დედაქალაქთან, ალბათ, უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ. ეს, ალბათ, პოლარიზაციასაც ცოტა ქვევით დასწევდა. კიდევ ბევრი რამ არის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიასპორა იყოს უფრო მეტად ჩართული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
| Print |
FaceBook Twitter Google