პოლიტიკა
ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით - ირაკლი ღარიბაშვილი დიასპორაზე
დღეს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა დიასპორისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხზე.

მისი განცხადებით, დიასპორისთვის ხელოვნურად შექმნილი ყველა ბარიერი მოიხსნება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს სექტემბერის თვეში წარედგინება.

„ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ , როგორც საელმწიფო, როგორც ხელისუფლება, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, იმისთვის, რომ ის კავშირი, რომელიც არსებობს დიასპორასა და სახელმწიფოს შორის, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, მეტად ეფექტური გავხადოთ და რაც მთავარია - ეს ყველაფერი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული.

ძალიან კარგად მესის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ემოციები. როდესაც სტუდენტი ვიყავი, საფრანგეთში სწავლის დროს, პირადად გამოვცადე ჩვენი დიასპორის ყოფა, ცხოვრება და ძალიან კარგად მესმის ის სირთულეები, რომელიც ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ.

მე რამდენიმე აქცენტს გავაკეთებდი, რაც ჩემი დაკვირვებით და შემდეგ უკვე მთავრობაში მუშაობის დროს გამოიკვეთა - არის მთელი რიგი პატარა გადაუწყვეტელი საკითხები, რომელიც ძალიან გაუმარტივებდა პროცედურებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს.

ბატონ რატი ბრეგაძესთან ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი განვიხილეთ, როცა დიასპორის წარმომადგენელი მისი სურვილით ჩამობრძანდა საქართველოში და მოისურვა ქართული პასპორტის აღება, მაგრამ მცირე გრამატიკული შეცდომის გამო, ქართველმა პატრიოტმა კაცმა ვერ შეძლო პასპორტის აღება. მე ამის თაობაზე ვესაუბრე ბატონ რატის. ჩვენ ორივე ვთანხმდებით, რომ ეს არის გამოსასწორებელი. ჩემი დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა, სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს და ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს თავისი ქართული პასპორტის აღება“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ -მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ, ქართული პასპორტის მისაღებად, იმ საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოშია დაწესებული.
„მაგალითად, რატომ იყო წლების განმავლობაში, რომ უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლისთვის პასპორტის აღების ღირებულება იყო 130 აშშ დოლარი, თუ არ ვცდები, და ამ დროს საქართველოში ორჯერ, სამჯერ უფრო ნაკლები. ამაზეც ვისაუბრეთ და ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივით ეს ტარიფებიც, რა თმა უნდა, გათანაბრდება. ჩვენ არავითარი დაყოფა, არავითარი განსხვავება არ უნდა გვქონდეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, მოქალაქესა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეს შორის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს დიასპორის არაერთი წარმატებული წარმომადგენელი ჰყავს და ახალგაზრდები მათ უნდა იცნობდნენ.

„შეიძლება, ჩვენ არა ერთი, არამედ ათასობით, ასი ათასობით დიასპორის წარმატებული წარმომადგენელი გვყავს საქართველოს ფარგლებს გარეთ. და არა მხოლოდ მე-20 საუკუნეში, არამედ უფრო შორეულ წარსულში რომ გადავიხედოთ, ჩვენ გვყავდა ძალიან წარმატებული, ბრწყინვალე წარმომადგენლები ჩვენი დიასპორისა, რომლებიც მართავდნენ და მე რამდენიმე გვარს ალბათ ვერ გამოვყოფდი, ვინაიდან ძალიან ბევრი იყვნენ, ზოგიერთი აშშ-ში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩვენს სამეზობლოში, ყველგან.

ისინი წარმატებით მოღვაწეობდნენ და ქმნიდნენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და იმ ქვეყნებში შექმნეს ძალიან დიდი პროგრესი. ამ ადამიანების გვარები დღეს, სამწუხაროდ, არის დავიწყებული და აუცილებელია ჩვენს ახალგაზრდებს შევახსენოთ, თუ ვისი გორისანი ვართ, თუ როგორ წარმატებით მოღვაწეობენ ქართველები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ.

ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა ინიციატივაზე, იდეაზე, რომელიც უზრუნველყოფს დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში და მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც არის დიასპორის ბრწყინვალე წარმომადგენელი, საქართველოში დაბრუნდა და ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტად, რა თქმა უნდა, ესეც არის ძალიან სიმბოლური,“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google