პოლიტიკა
რა შემთხვევაში მოუხსნის დასავლეთი სანქციებს რუს ოლიგარქებს
შესაძლოა, დასავლეთმა რუს ოლიგარქებს დაწესებული სანქციები მოუხსნან იმ პირობით, რომ ისინი ფულს უკრაინის აღსადგენად გამოიყენებენ.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო abc News-ი ავრცელებს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გასულ კვირას, გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, კანადის ფინანსთა მინისტრმა ქრისტია ფრილანდმა კოლეგებს წარუდგინა იდეა, რომ რუს ოლიგარქებს სანქციები მოუხსნან, თუკი ისინი ფინანსურ დახმარებას გაუწევენ ომით დაზარალებული უკრაინის აღდგენას.

ცნობისთვის, "დიდი შვიდეულის" წევრები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა და იაპონია.

სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ კანადის ფინანსთა მინისტრს ამ საკითხზე თავად რუსი ოლიგარქები ესაუბრნენ. ზოგიერთ მათგანს ფრილანდი იმ პერიოდიდან იცნობს, როდესაც მოსკოვში ჟურნალისტიკური საქმიანობით იყო დაკავებული.

რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების შესაძლო გაუქმების საკითხის განხილვის შესახებ ინფორმირებულია უკრაინული მხარეც.

მართალია ამ დროისთვის ეს მხოლოდ იდეაა, თუმცა დასავლეთმა ინტერესი გამოხატა, ნათქვამია სტატიაში.

| Print |
FaceBook Twitter Google