პოლიტიკა
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი ოფიციალურად დადასტურებულია. ახალი პაკეტი რუსულ ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს ითვალისწინებს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცემა Anadolu Agency ავრცელებს.

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე ექვსი თვის, ხოლო ნავთობპროდუქტების იმპორტზე 8 თვის განმავლობაში თქვას უარი.

ამ დროისთვის გამონაკლისად რჩება რუსული ნავთობის იმპორტი ევროკავშირის წევრი ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც გეოგრაფიული მდებარეობის გამო დამოკიდებული არიან რუსეთიდან მომარაგებაზე.

რაც შეეხება ბულგარეთსა და ხორვატიას, ისინი, ამ ეტაპზე, კვლავ შეძლებენ, ნავთობი და ბუნებრივი აირი ზღვის გავლით მიიღონ.
სანქციების მეექვსე პაკეტი ასევე მოიცავს „სბერბანკის“, „როსსელხოზნადზორის“ , მოსკოვის საკრედიტო ბანკისა და ბელარუსის განვითარების ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან გათიშვას.


სანქციები ასევე შეეხება სამ რუსულ ტელეარხს, რომლებიც ევროკავშირში მაუწყებლობას შეწყვეტენ. სანქცირებული ტელეარხების სიაში არიან RTR-planeta, Rossiya-24 და TV center-ი.
ევროსაბჭოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ზემოაღნიშნულ არხებს კრემლი ომთან მიმართებით დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს.

ევროკავშირმა გააფართოვა სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სიაც.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნით ადრე, პუტინთან დაახლოებული სანქცირებული პირების სია კანადამაც გააფართოვა. უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი აშშ-მაც შეიმუშავა.


| Print |
FaceBook Twitter Google